News

განცხადება „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროსაბჭოს კონვენციის ხელმოწერასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს სახელით „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციის ხელმოწერას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. მითუმეტეს, რომ ბოლო დროს გამოვლენილმა ძალადობის ფაქტებმა ცხადყო სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებისა და დამატებითი მექანიზმების არსებობის აუცილებლობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ უკეთესად გააცნობიეროს არსებული პრობლემები და მეტად ჩაერთოს მათ გადაწყვეტაში.

ქალთა მიმართ ძალადობა, განსაკუთრებით კი ოჯახში ძალადობა არის გენდერული ნიშნით უფლების შელახვის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც ხშირად იფარება და უცნობი რჩება, რაც შეუძლებელს ხდის რეაგირებას. „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი უკავშირდება ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მექანიზმებს და ხაზს უსვამს ქალების მოწყვლადობას ამ მიმართულებით. კონვენცია ავსებს და აფართოებს ოჯახში ძალადობისგან დაცვის სტანდარტებს, უფრო კონკრეტული სახით წარმოადგენს მათ. შესაბამისად კონვენციის რატიფიცირებით შესაძლებელი იქნება ქალთა მიმართ ძალადობისაგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმების დახვეწა; საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.

საქართველოს სახალხო დამცველი 2012 და 2013 წლების საპარლამენტო ანგარიშებში საუბრობდა კონვენციის მნიშვნელობაზე და რეკომენდაციით მიმართავდა შესაბამის სტრუქტურებს მის რატიფიცირებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა რეკომენდაციები და ქმედითი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით.

ხელის მოწერით, სახელმწიფომ გამოავლინა ნება და გადადგა პირველი ნაბიჯები კონვენციის რატიფიცირების გზაზე. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აქტიურად შეძლებს იმპლემენტაციისა და აღსრულების პროცესში ჩართვას და სახელმწიფო გაითვალისწინებს აპარატის როლს ამ მიმართულებით.

Woking Hours: Monday–Friday 9:00–18:00
Hot line: 1481 (24/7)
Send a message