ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

ფემიციდზე ზედამხედველობის მექანიზმის ფარგლებში საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

დეკემბერი 07, 2017

საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით, ფემიციდზე ზედამხედველობის მექანიზმის ფარგლებში საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. საბჭოს შემადგენლობაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები შედიან.

„ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმის“ შექმნის თაობაზე მზადყოფნა საქართველოს სახალხო დამცველმა 2016 წელს განაცხადა. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატი განახორციელებს სასამართლოს გადაწყვეტილებათა დეტალურ ანალიზს, რათა შეფასდეს ფემიციდის პრობლემის რეალური მასშტაბები, გამოყენებული დაცვისა და პრევენციის ღონისძიებები და პრობლემის სახელდებისას არსებული ხარვეზები. ამასთან, შეისწავლის სამართალდამცავ უწყებებში მიმდინარე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ არსებულ ინფორმაციას და სტატისტიკურ მონაცემებს.

სახალხო დამცველმა აღნიშნული ინიციატივით ასევე გაითვალისწინა ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის დუბრავკა სიმონოვიჩის რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც მან ჯერ კიდევ 2015 წელს მოუწოდა სახელმწიფოებს, მიზანმიმართულად იმუშაონ გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენციაზე, შექმნან ფემიციდის შემთხვევებზე ეფექტიანი ზედამხედველობის სისტემა, ყოველი წლის 25 ნოემბერს კი, წარმოადგინონ შემთხვევათა დეტალური ანალიზი.

ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის მექანიზმის დახვეწისა და მისი გამართულად მუშაობის მიზნით შექმნილი საკონსულტაციო საბჭო, მუშაობას უახლოეს პერიოდში შეუდგება. 

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin