ცხელი ხაზი

598 08 30 06, 1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეექვსე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

აპრილი 27, 2018

2018 წლის 26 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეექვსე სხდომაზე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე, ხაზი გაუსვა არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელების დასჯის აუცილებლობას.

„აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოსთან ერთად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, გამოიყენოს სხვადასხვა ინსტრუმენტები და მექანიზმები, რათა არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობები, ასევე სხვა ასეთი მრავალი შემთხვევა დაუსჯელი არ დარჩეს. დაუსჯელობის სინდრომი ახალისებს ოკუპირებულ რეგიონებში ძალადობას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე, სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების ხარვეზებზე, პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, ქალთა მიმართ ძალადობის და თანასწორობის საკითხებზე, შრომის უფლებებზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობაზე.

ბრიუსელში გამართულ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარებმა ქართველ კოლეგებთან და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე. განიხილეს ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების განხორციელება, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და საკონსტიტუციო ცვლილებები, მართლმსაჯულების სფეროში არსებული მდგომარეობა, პარლამენტის მუშაობაში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვა და ასევე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმები.

26.04.18

 


gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin