ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის კამპანია უსაფრთხო სათამაშო

ივნისი 01, 2017

საქართველოს ბაზარზე სათამაშოების უსაფრთხოებისა და მონიტორინგის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, საქართველოს სახალხო დამცველი იწყებს საინფორმაციო კამპანიას – „უსაფრთხო სათამაშო“. სათამაშოების უსაფრთხოების მარეგულირებელი წესებისა და არსებული პრაქტიკის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა 2016 წლიდან დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ღონისძიებები სათამაშოების წარმოებისა და მიწოდების ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმის შექმნის ადვოკატირების, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზრის მოწესრიგების, ბიზნესსექტორის პასუხისმგებლობის განსაზღვრისა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ არ არის განსაზღვრული ბაზრის ზედამხედველობის ორგანო და სათამაშოების უსაფრთხოების საკითხი სახელმწიფო კონტროლს მიღმა რჩება – მაშინ, როდესაც მავნე სათამაშოები საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების განხორციელებას.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, საქართველოში შეძენილი ათი სათამაშოდან ცხრაში მავნე ნივთიერება დი-2-ეთილჰექსილფტალატი (DEHP) აღმოჩნდა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა და მისი სათამაშოებში გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია.

„სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ“ ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, სახელმწიფოებმა უნდა შექმნან სათამაშოების უსაფრთხოებისა და ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმი, რათა უზრუნველყონ ბავშვებისათვის უვნებელი და უსაფრთხო სათამაშოების ხელმისაწვდომობა. დირექტივა საქართველოში 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა შესრულდეს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ პერიოდამდე დაიგეგმოს და განხორციელდეს კონკრეტული ქმედებები დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში.

საქართველოს ბაზარზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 9 მარტს რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას. მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობა იზიარებს რეკომენდაციას, თუმცა არსებული რეგულაციების დირექტივასთან დაახლოება დროულად უნდა მოხდეს.

სახალხო დამცველის კამპანიას შემოუერთდნენ ბიზნეს ორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან ხელი შეუწყონ უსაფრთხო სათამაშოების დამზადებას, შემოტანასა და გავრცელებას საქართველოში; დაფუძნდა ასოციაცია „უსაფრთხო სათამაშო“ და მიღწეულ იქნა შეთანხმება ძირითად პრინციპებზე. სახალხო დამცველის აპარატი ასევე, აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან, რომელიც აქტიურადაა ჩართული სათამაშოების უვნებლობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობაში.

კამპანია „უსაფრთხო სათამაშოს“ შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საზოგადოებას 2017 წლის 1 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო.

 

1.06.17

 


gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin