ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველმა ვენეციის კომისიას მიმართა საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით

მაისი 25, 2017

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ვენეციის კომისიას თხოვნით მიმართა საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის შეფასებისას მხედველობაში მიიღოს ის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც არ მოხდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფარგლებში. ამასთან, ვენეციის კომისიისთვის განკუთვნილ წერილში სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით განმტკიცებული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების განვითარების, დაცვის და განხორციელების სტანდარტის შესუსტებას ისახავს მიზნად.

კომისიისთვის გაგზავნილ წერილში საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით უთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი არ ადგენს საკმარის საბაზისო გარანტიებს სოციალური უფლებების დასაცავად.  გარდა იმისა, რომ ევროპის უმეტესი ქვეყნების კონსტიტუციებისგან განსხვავებით, სოციალური უფლებების შესახებ საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი არასრულყოფილი და სუსტია, ქვეყნის ძირითად კანონში ამ კატეგორიის უფლებების ჩამონათვალი ძალზედ მწირია. ეს იმ პირობებში, როცა ქვეყანაში მწვავე სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა არსებობს. მდგომარეობის სირთულე ყოველ წელს აისახება საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებში.   

სახალხო დამცველი მიმართვაში გამოყოფს შრომითი უფლებების დაცვისთვის ქმედითი სახელმწიფო ზედამხედველობის მექანიზმის შექმნის საკითხს, რაც არ ასახულა კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში; ამასთან, შრომითი უფლების სხვადასხვა კომპონენტების ასახვის აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

წარმოდგენილი პროექტი გარკვეულწილად აუარესებს ადამიანის უფლებათა დაცვის არსებულ კონსტიტუციურ სტანდარტს. კერძოდ,  კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მეორე თავის 32-ე მუხლში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით, ხოლო სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში, ინაცვლებს ზოგად დებულებებში, რაც მას დეკლარაციულ მნიშვნელობას ანიჭებს და ზღუდავს ამ უფლებების რეალიზების საშუალებას. აღნიშნულის მსგავსად, კონსტიტუციის მეორე თავიდან ზოგად დებულებებში ინაცვლებს 39-ე მუხლის ჩანაწერიც. ამ მუხლის მიზანია უზრუნველყოს უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა იმ შემთხვევაში თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით, მაგრამ გამომდინარეობს კონსტიტუციური პრინციპებიდან და ადამიანის უფლებების სფეროში სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან. საქართველოს სახალხო დამცველი ვენეციის კომისიისადმი მიმართვაში ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ზემოაღნიშნული ჩანაწერები დარჩეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში.

წარმოდგენილი პროექტი, კონსტიტუციის მოქმედ რედაქციასთან შედარებით, ასუსტებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტს რიგ სხვა უფლებებთან მიმართებითაც, რაზეც სახალხო დამცველი დეტალურად საუბრობს ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ წერილში. აქედან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარიზმის საკითხები.  კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-9 და მე-19 მუხლებში განხორციელებული ცვლილებები რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებისა და სეკულარიზმის პრინციპების შესუსტებას უწყობს ხელს.

სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს წარმოდგენილი პროექტის მიხედვით,  ქორწინების ცნების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის, კონსტიტუციით რეგულირებას. მსგავსი ჩანაწერი ხელს შეუწყობს ჰომოფობიური განწყობებისა და ლგბტ პირთა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაზრდას.

სახალხო დამცველი ვენეციის კომისიის ყურადღებას ამახვილებს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ისეთი მნიშვნელოვანი მექანიზმების გაუთვალისწინებლობაზე, როგორიცაა  სამართალდამცავთა მიერ წამების და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის და  საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოების საკითხები.  

სახალხო დამცველი საფრთხის შემცველად მიიჩნევს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილების იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მინიჭებას. საბჭოს საქმიანობის მიმართ საზოგადოებაში არსებული საფუძვლიანი კრიტიკის გათვალისწინებით, წარმოდგენილი ცვლილება უარყოფითად აისახება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე და მის მიმართ საზოგადოებრივ ნდობაზე.

დაბოლოს, სახალხო დამცველი, საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის მარეგულირებელ მუხლში დაგეგმილ ცვლილებებს ინსტიტუტის მანდატის გაძლიერების ნაცვლად უფლებამოსილების შესუსტების მცდელობად აფასებს.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ კონსტიტუციის ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინება ხელს შეუწყობს პროექტის დახვეწას და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის მყარი კონსტიტუციური გარანტიების შექმნას. 

იხილეთ ვენეციის კომისიისადმი გაგზავნილი მიმართვის სრული ტექსტი

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin