ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

სახალხო დამცველი ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს შემოქმედების თავისუფლებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს და პარლამენტს შესაბამის რეკომენდაციებს სთავაზობს

მაისი 24, 2018

სახალხო დამცველი ეხმაურება საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც ცვლილებები შედის „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, და მას საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ და შემოქმედების თავისუფლების შემზღუდველად აფასებს. ხაზგასასმელია, რომ ბოლო მოვლენების, კერძოდ, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის სისხლის სამართლის დანაშაულად მიჩნევის ინიციატივებისა და „აიისას“ საქმის გათვალისწინებით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული ინიციატივების ტენდენცია იკვეთება, რაც უაღრესად სამწუხაროა.

ზემოაღნიშნული კანონპროექტი ძირითადად იმეორებს კანონში უკვე არსებულ, ე.წ. „მკვდარი ნორმის“ მოძველებულ და გამოხატვის თავისუფლებასთან შეუსაბამო რედაქციას. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით არც ერთი უწყება არაა უფლებამოსილი ხსენებულ ნორმაზე დაყრდნობით შეზღუდოს შემოქმედების თავისუფლება. კანონპროექტის მთავარი სიახლე კი შეზღუდვის ახალი კანონის სახით გაფორმება და აღსრულების მექანიზმზე მითითებაა, რაც უკვე ხელშესახებად და პრაქტიკაში გამოყენებადად აქცევს მას.

საქართველოს კონსტიტუცია[1] ცალსახად აცხადებს, რომ „შემოქმედებით პროცესში  ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია“, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. ერთადერთი, სადაც შესაძლებელია ჩარევა, შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებაა და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გავრცელება ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს.[2] კონსტიტუციის ახალი რედაქციით უფლების შეზღუდვის უფრო მაღალი სტანდარტი დადგინდა და მიეთითა უფლების მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების მეშვეობით შეზღუდვის შესაძლებლობის შესახებ.

კანონპროექტი კი ითვალისწინებს შემოქმედებით პროცესში ჩარევისა და შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურის შესაძლებლობას, რაც წინააღმდეგობაშია კონსტიტუციით დადგენილ აბსოლუტურ აკრძალვასთან. რაც შეეხება შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელებას, კონსტიტუცია ადგენს შეზღუდვის ერთადერთ საფუძველს („სხვათა უფლებები“), თუმცა კანონპროექტი უფრო შორს მიდის და ვრცელ ჩამონათვალს გვთავაზობს,[3] რაც ასევე აცდენილია კონსტიტუციურ სტანდარტს.

საყურადღებოა, რომ შემოთავაზებული ნორმის („შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა“) მოქმედების არეალი საკმაოდ ფართოა[4] და მისი რეგულირების ქვეშაა ნებისმიერი საშუალებით და ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული ფასეულობა, რაც კანონპროექტის ეფექტის მასშტაბურობას უსვამს ხაზს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს კანონპროექტი აღნიშნული სახით და მიიჩნევს, რომ კონსტიტუციასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ტექსტში შემდეგი ცვლილებების შეტანა:

  1. ნორმიდან ამოღებული უნდა იქნეს შემოქმედებით პროცესში ჩარევისა და შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურის შესაძლებლობა, როგორც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მყოფი;
  2. შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვის საფუძველი არ უნდა გასცდეს კონსტიტუციაში მითითებულ „სხვათა უფლებებს“;
  3. კანონმა უნდა მოიცვას „სხვათა უფლებებში“ ნაგულისხმევი საფუძვლების ამომწურავი ჩამონათვალი, რათა შესაბამისობაში მოვიდეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით დადგენილ სტანდარტებთან.[5] ეს გულისხმობს შემოქმედების თავისუფლების მხოლოდ ნათელი და განჭვრეტადი,[6] ვიწროდ მიზანმიმართული[7] კანონით შეზღუდვის შესაძლებლობას და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს;
  4. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ლეგიტიმური მიზნის განხორციელებისაკენ, კრიტიკულად აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი;[8]
  5. ამასთან, „კულტურის შესახებ“ კანონში პირდაპირ უნდა აისახოს უფლების შეზღუდვის ტესტი, რისი მაგალითებიც არსებობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა[9] და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში.[10]

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი მის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებს კანონპროექტში ასახავს და აღნიშნულ პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის მყარ შესაძლებლობებს შექმნის.

 



[1] მოქმედი რედაქციის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი, ახალი რედაქციის (ჯერ არ ამოქმედებულა) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი.

[2] მოქმედი რედაქციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი, ახალი რედაქციის (ჯერ არ ამოქმედებულა) მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი.

[3] უფლებაში ჩარევა შესაძლებელია იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ლახავს სხვა ადამიანის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომსა და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას.

[4] „კულტურის შესახებ“ კანონის მიხედვით, შემოქმედებითი მოღვაწეობა ესაა „კულტურული ფასეულობების შექმნა, აღდგენა და ინტერპრეტაცია“, ხოლო „კულტურული ფასეულობა – შემოქმედებითი პროცესის შედეგად, ნებისმიერი მასალითა და საშუალებით, ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი უძრავი ან მოძრავი ნივთი, რომელსაც აქვს მხატვრული, ესთეტიკური, ეთნოლოგიური, არქეოლოგიური, ისტორიული, რელიგიური, მემორიალური, მეცნიერული, ტექნიკური, ტექნოლოგიური ღირებულება.“

[5] „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს 2004 წლის კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი.

[6] „ნათელი და განჭვრეტადი კანონი – ჯეროვანი სიზუსტით ფორმულირებული ნორმა, რომელიც არ შეიცავს ზოგად, ორაზროვან და ბუნდოვან დებულებებს და პირს აძლევს საშუალებას, დაარეგულიროს საკუთარი ქმედება, აგრეთვე წინასწარ, ცხადად განსაზღვროს მისი სამართლებრივი შედეგები” – „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს 2004 წლის კანონის პირველი მუხლის „პ“ ქვეპუნქტი.

[7] „ვიწროდ მიზანმიმართული კანონი – ნორმა, რომელიც აწესებს შეზღუდვის პირდაპირ მოთხოვნას, კონკრეტულ კრიტერიუმებსა და ამომწურავ ჩამონათვალს და შეიცავს ამ ნორმის არამიზნობრივად გამოყენების საწინააღმდეგო გარანტიებს” - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს 2004 წლის კანონის პირველი მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი.

[8] „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს 2004 წლის კანონის მე-8 მუხლის მეორე პუნქტი.

[9] მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი.

[10] მე-8 მუხლი.

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin