ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

სახალხო დამცველი ქვემო ქართლის მოსახლეობას და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა

მაისი 05, 2017

2017 წლის 3-4 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ქვემო ქართლში, დმანისისა და გარდაბანის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. დაბა დმანისის და ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის, ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანის ნოესუბნის მოსახლეობა სოციალურ გაჭირვებას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობას, წყლისა და ტრანსპორტის პრობლემას, ასევე ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას უჩივის; დმანისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი „მთის კანონის“ შესაბამისად სტატუსის მინიჭების მოლოდინშია.

დმანისის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უსახლკარო პირთათვის სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფაა. სახალხო დამცველმა მოინახულა დმანისის ყოფილი საავადმყოფოს შენობაში, მძიმე პირობებში, თვითნებურად შესახლებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მის ხელთ არსებული რესურსებით ეხმარება იქ მცხოვრებ ოჯახებს, აუცილებელია ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მონაწილეობით სოციალური საცხოვრისისათვის სათანადო შენობის გამოყოფა, რაც პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრის გზა იქნება.

მიმდინარე პროგრამებისა და გარკვეული პროგრესის მიუხედავად, დმანისის მუნიციპალიტეტში კვლავ მწვავედ დგას სახელმწიფო ენის არცოდნის, ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის საკითხები. აუცილებელია შესაბამისი უწყებების დამატებითი ძალისხმება რათა დმანისის რაიონის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლაში ქართულ სექტორზე სწავლის მსურველთა რიცხვი გაიზარდოს. ამასთან, აუცილებელია დმანისის, განსაკუთრებით კი სოფლების - ვარდისუბანი, მაშავერა, დიდი და პატარა დმანისის მოსახლეობის ინფორმირება სამთო მოპოვებითი საქმიანობის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის შესამცირებლად გატარებული სამუშაოების შესახებ.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანის ბოშათა თემით დასახლებულ ნოესუბანში მოსახლეობის მთავარი პრობლემა საგზაო ინფრასტრუქტურის, სასმელი წყლის სისტემისა და სასკოლო ტრანსპორტის არარსებობაა. ნოესუბანში 90–მდე მოსახლეა, რომელთა დიდი ნაწილი ბავშვებია. იმის გათვალისწინებით, რომ ნოესუბანი სხვა დასახლებული პუნქტიდან მნიშვნელოვნად დაშორებულია, სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს დასახლების სასკოლო ტრანსპორტით უზრუნველყოფას. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის  წარმომადგენელთა განცხადებით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს დღეებში სასკოლო ტრანსპორტი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ნოესუბაში აუცილებელია საბავშვო მოედანის მოსაწყობად ფინანსური რესურსის გამოყოფა.

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობითა და ჩართულობით ბოშათა დასახლებაში მცხოვრები ყველა პირისათვის უკვე გაცემულია პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და თითქმის ყველა ოჯახის უძრავი ქონება რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით.

მოსახლეობის პრობლემებზე სახალხო დამცველმა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოგი ბარბაქაძესთან და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან კახა გუგეშაშვილთან და მოადგილესთან ნუგზარ სალიასთან ისაუბრა.

სახალხო დამცველი ქვემო ქართლის მოსახლეობის პრობლემებს დამატებით შეისწავლის და საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავს შესაბამის უწყებებს.

რეგიონში ვიზიტის დასასრულს უჩა ნანუაშვილმა საჯარო ლექცია გამართა რუსთავის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და სტუდენტებს სახალხო დამცველის მანდატი გააცნო.

 

3.05.17

 

 

 

 

 

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin