ცხელი ხაზი

598 08 30 06, 1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატი იწყებს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების სხვადასხვა საკითხების შესახებ წერილობითი და სხვა სახის წარდგინებების მიღებას

აგვისტო 07, 2018

2018 წლის იანვარში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა კვლევა „ადამიანის უფლებები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ჭრილში: ქვეყნის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება“, რომელიც განხორციელდა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით.

აღნიშნული კვლევა აფასებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, გამოწვევებსა და ხარვეზებს არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ ადამიანის უფლებათა სფეროში, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის, კანონმდებლობისა და პოლიტიკის, ბიუჯეტირებისა და დაფინანსების, ჯანდაცვის სერვისების მიწოდებისა და ხელმისაწვდომობის, კომპენსაციისა და ანაზღაურების საკითხებს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კონტექსტში.

შემდეგი საფეხური, რომელსაც ქვეყნის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება წარმოადგენს, ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფების, ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლების, მთავრობის წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვათა გამოცდილებებისა და ცოდნის  შეგროვებას გულისხმობს რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციის ნაწილის შეგროვება მოხდება ჩაღრმავებული ინტერვიუებისა და ფოკუს ჯგუფის ინტერვიუების გზით. ასევე, ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება წერილობითი ან სხვაგვარი წარდგინებები, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

  • დედათა ჯანმრთელობის სერვისები (ასევე, სუროგაციასთან დაკავშირებული საკითხები);
  • კონტრაცეპტივებთან, ასევე, აბორტთან დაკავშირებული სერვისები და მათ შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა;
  • სასიცოცხლო უნარები/კომპლექსური სექსუალური განათლება.

სახალხო დამცველის აპარატი საჯარო წარდგინებებს მიიღებს მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით და ითხოვს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • დედათა ჯანმრთელობის სერვისებთან დაკავშირებული გამოცდილება (იგულისხმება, როგორც პრე ნატალური, ასევე ანტე ნატალური სერვისები);
  • კონტრაცეპტივების სერვისების მიღებასთან, კონტრაცეპტივებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებასთან, მათ შორის, აბორტის სერვისის მიღებასთან დაკავშირებული გამოცდილება;
  • სასიცოცხლო უნარები/კომპლექსური სექსუალური განათლება სკოლებში,  აღნიშნულთან დაკავშირებული ინფორმაცია, გამოწვევები და აღნიშნული გამოწვევების სავარაუდო მიზეზები;
  • ეროვნული კანონმდებლობისა და პოლიტიკის კომენტარები, ასევე, დედათა ჯანმრთელობასთან, კონტრაცეპტივების შესახებ ინფორმაციასა და სერვისებთან, კომპლექსურ სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებული პრაქტიკების კომენტარები;
  • დედათა ჯანმრთელობის, კონტრაცეპტივების შესახებ ინფორმაციის გამცემი სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების შესაბამისობასთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის:
    • სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ფაქტორები, რომლებიც ადამიანებს ხელს უშლის ხარისხიან ჯანდაცვის სერვისებზე წვდომაში;
    • მოწყვლადი ჯგუფების დისკრიმინაცია და/ან არასათანადო მოპყრობა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების მიღების კონტექსტში.
    • სკოლებში კომპლექსური სექსუალური განათლების ხარისხის, მოცულობისა და შინაარსის ადეკვატურობა.

გთხოვთ, გამოცდილებებთან ერთად, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები, აღნიშნული საკითხების პრობლემური ასპექტების გამოსწორების გზებთან დაკავშირებით.

ფორმატი: წარდგინება შეგიძლიათ განახორციელოთ სხვადასხვა ფორმით - წერილის, კვლევის, ვიდეოს, ბლოგის, ელექტრონული მეილის სახით და ა.შ.

მოცულობის შეზღუდვა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წერილობითი წარდგინება არ უნდა აღემატებოდეს 7 გვერდს. ვიდეო და სხვა ვიზუალური ხასიათის ინფორმაცია არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს.

გთხოვთ, წარდგინებას დაურთოთ შემდეგ ინფორმაცია:

  • სახელი;
  • გენდერი;
  • ასაკი;
  • რეგიონის/ქალაქის დასახელება;
  • ინსტიტუცია/ორგანიზაცია;
  • სხვა რელევანტური ინფორმაცია (მაგ. სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, შეზღუდული შესაძლებლობა, თუ განმცხადებელი სოფლად მცხოვრებია, სექს-მუშაკია, იძულებით გადაადგილებული პირია და ა.შ.)
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი ან საცხოვრებელი ადგილის მისამართი).

დემოგრაფიული მონაცემები, დაკავშირებული თქვენს ვინაობასთან, შენახული იქნება კონფიდენციალობის დაცვით.

ინფორმაციის წარდგენის საბოლოო ვადა: 2018 წლის 20 სექტემბერი.

ინფორმაცია გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: srhr.pdogender@gmail.com

მნიშვნელოვანია ყველა  დაინტერესებული ადამიანის, ორგანიზაციის თუ ინსტიტუტის ჩართულობა აღნიშნულ პროცესში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების ან აღიშნულ ჯგუფებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა.

 

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin