ცხელი ხაზი

1481

ახალი ამბები

ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება თანასწორობის მოძრაობის წევრთა მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე

აგვისტო 25, 2017

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას დროულად განახორციელოს რეაგირება – სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელების მხრიდან თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორისა და მოძრაობის წევრის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე.

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 2017 წლის 25 აგვისტოს აჭარისა და გურიის რეგიონულ დროებითი მოთავსების იზოლატორში თანასწორობის მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და თანასწორობის მოძრაობის წევრი თორნიკე კუსიანი მოინახულეს. დაკავებულებმა განაცხადეს, რომ 25 აგვისტოს, გამთენიისას, ბათუმის ბულვარში, მათ და მათთან ერთად მყოფ ტრანსგენდერ ქალებს უცხო პირები დაესხნენ თავს. მათ პოლიციის თანამშრომლებს სთხოვეს დახმარება, რომლებიც თავდასხმას უმოქმედოდ აკვირდებოდნენ; შემდეგ კი ძალის გამოყენებით მხოლოდ ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი დააკავეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ჰომოფობიური ნიშნით. დაკავებულთა ცნობით, პოლიციის თანამშრომლებმა არ განუმარტეს მათი უფლებები, დაკავების მიზეზი და არც ტელეფონზე დარეკვის საშუალება მისცეს. მათი თქმით, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი ქონდა პოლიციის განყოფილებაშიც.

სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, ძალადობისა და ჰომოფობიური გამოვლინებების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც ლგბტ თემის წარმომადგენლები პოლიციის უმოქმედობაზე და მათ შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე უთითებენ. იმ მიზნით, რომ არ მოხდეს მსგავსი ქმედებების წახალისება, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დროული რეაგირება განახორციელოს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების თითოეულ ფაქტზე და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin