ცხელი ხაზი

598 08 30 06, 1481

რეკომენდაციები

რეკომენდაციები

სახალხო დამცველმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზ.ნ.-სთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მიმართა

აგვისტო 30, 2017

საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით შეისწავლა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ განკარგულების[1] კანონიერება, რომლის თანახმად, ზ.ნ.-ს სტიქიის ზონაში მოხვედრილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ჩამორთმევის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცა მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული 515 460 ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი და ფულადი თანხა 455 800 ლარის ოდენობით.

საქმის მასალების გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ განკარგულება წინააღმდეგობაში მოდიოდა მოქმედ კანონმდებლობასთან და არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძვლები. კერძოდ, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და არ შეესაბამებოდა მოქმედ კანონმდებლობას.

საქმის მასალების მიხედვით, სტიქიის ზონაში  მოხვედრილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ზ.ნ. 2016 წლის 29 ნოემბერს სს „საქართველოს ბანკთან“ დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გახდა. ვინაიდან, მიწის ნაკვეთზე არ იყო განთავსებული საცხოვრებელი სახლი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების გაწევის მიზნით მიღებული დადგენილების[2] მოქმედება მასზე არ გავრცელდა. მოცემულ შემთხვევაში საკრებულომ იხელმძღვანელა „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების  ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის თანახმად, გადაუდებელ აუცილებლობას განეკუთვნება ვითარება, რომლის დროსაც საომარი ან საგანგებო მდგომარეობის, ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიის, ეპიზოოტიის საშიშროების გამო საფრთხე ექმნება ადამიანთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ვინაიდან ზ.ნ.-ს საკუთრების ან სხვა სანივთო სამართლებრივი უფლება სტიქიის ზონაში მოხვედრილ მიწის ნაკვეთზე უშუალოდ სტიქიის მომენტში არ გააჩნდა, იგი ვერ ჩაითვლება  პირად, რომელსაც 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად რაიმე სახის ზიანი მიადგა. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების მასალები არ შეიცავს დასაბუთებას, საკუთრების უფლების  ჩამორთმევის მომენტისათვის კანონით გათვალისწინებული რა სახის გადაუდებელ აუცილებლობა არსებობდა ან/და რაში გამოიხატა ზ.ნ.–სათვის ქონების ჩამორთმევის საზოგადოებრივი საჭიროება/გადაუდებელი აუცილებლობა.

აღსანიშნავია, რომ განსახილველი აქტი დაუსაბუთებელია როგორც საზოგადოებრივი საჭიროების/გადაუდებელი აუცილებლობის, ასევე ანაზღაურებული თანხის ნაწილში. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ზ.ნ.-ს საკუთრების უფლების ჩამორთმევის სანაცვლოდ სტიქიამდე არსებული ღირებულების ფარგლებში მიეცა კომპენსაცია მაშინ, როდესაც სტიქიის დროს ზ.ნ.-ს საკუთრებას არ წარმოადგენდა ზემოხსენებული მიწის ნაკვეთი და მან სტიქიის შემდეგ ნაკლის მქონე უძრავი ქონება შეიძინა და იყო ამის შესახებ ინფორმირებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

საბოლოოდ, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის ამგვარად გადაწყვეტა კითხვის ნიშნებს ბადებს 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს  დაზარალებულთა კომპენსაციისათვის გათვალისწინებული წესის პირობებში. საქართველოს სახალხო დამცველი ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშში 13–14 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოფხვრის თაობაზე მიღებული სამართლებრივი აქტის ხარვეზებზე საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არ არსებობს წესი, რომელიც იმ პირთათვის ზიანის ანაზღაურებას გაითვალისწინებდა, რომელთა მიწის ნაკვეთები სტიქიის ზონაში მოხვდა, თუმცა მათზე საცხოვრებელი არ იყო განლაგებული. ამასთან უარყოფითადაა შეფასებული იმ პირთა დაზარალებულთა კატეგორიებიდან გამორიცხვა, რომელთა სხვადასხვა დამხმარე ნაგებობები (მაგალითად, ავტოფარეხი) სტიქიის ზონაში მოხვდა.[3] იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ხელისუფლება საკითხის ამგვარად განსაზღვრას პრობლემად  მიიჩნევს, საჭიროა სისტემური ცვლილების განხორციელება და ერთგვაროვანი მიდგომა, ნაცვლად ინდივიდუალური შემთხვევების ერთჯერადი და სუბიექტური გადაწყვეტისა.

 

 



[1] ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის N419 განკარგულება.

[2]„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის N17-66 დადგენილება.

[3] საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 785–789.

gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin