ცხელი ხაზი

598 08 30 06, 1481

ზოგადი წინადადება

ზოგადი წინადადება

სახალხო დამცველმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საბანკო მომსახურების მიღებისას არსებული პრობლემები დისკრიმინაციის წამახალისებლად მიიჩნია

აპრილი 13, 2018

2018 წლის 4 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა ზოგადი წინადადებით, შეიმუშავოს მარტივად განჭვრეტადი რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის კომერციულ ბანკებში საბანკო მომსახურების მიღებას დისკრიმინაციის გარეშე ნებისმიერი ნიშნის მიუხედავად.

სახალხო დამცველს სხვადასხვა დროს მომართეს ნიგერიის, ირანის და სირიის მოქალაქეებმა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ საქართველოს კომერციულ ბანკებში დაბრკოლებები ექმნებოდათ, ვინაიდან სხვადასხვა მომსახურების მიღებისას - სტუდენტის სამგზავრო ბარათის აღებისას, ბანკის ამონაწერის მიღების, თუ საბანკო ანგარიშის გახსნისას, მათ სთხოვდნენ ისეთი დოკუმენტაციის წარდგენას, როგორიცაა მაგალითად, რეკომენდაცია აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში ან ევროკავშირის წევრ რომელიმე სახელმწიფოში რეგისტრირებული ბანკიდან. ასეთი სახის დოკუმენტაციის წარდგენა კი განმცხადებლებს, ობიექტური მიზეზების გამო, არ შეეძლოთ.

მოპასუხე ბანკებმა განმცხადებლების მიმართ განხორცილებული მოპყრობის ლეგიტიმურ მიზნად „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები დაასახელეს. ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ კომერციული ბანკები კონკრეტული ადამიანისგან მოსალოდნელ რისკებს უნდა განსაზღვრავდნენ ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, უშუალოდ აღნიშნული პირის შემოწმების შედეგად და მათი მიდგომა არ უნდა იყოს ბლანკეტური და განპირობებული რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქეობით.

ზოგად წინადადებაში საქართველოს სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ ფინანსური მომსახურება და მასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია საკმაოდ სპეციფიური სფეროა, რომლის შეფასებაც, რიგ შემთხვევებში, სცდება სახალხო დამცველის კომპეტენციას. შესაბამისად, სახელმწიფოს საზედამხედველო და ფინანსურმა ინსტიტუტებმა თავად უნდა შეიმუშავონ ისეთი მოქნილი რეგულაციები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის რეკომენდაციების სულისკვეთებასთან და, ამავე დროს, ხელს შეუწყობენ მოსახლეობის მაქსიმალურ ფინანსურ ინკლუზიას. 

 

იხილეთ ზოგადი წინადადების ელექტრონული ვერსია

 

 

 



gender

bavshvisufkebebi

tolerantoba

bulletin