სიახლეები

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის საკითხებზე

2017 წლის 8-10 ნოემბერს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებისთვის თემაზე - „ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დაცვა მისი წარმომადგენლობის დროს სამართალწარმოების პროცესში“. ღონისძიებას საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს 28 თანამშრომელი დაესწრო თბილისის საქალაქო ცენტრისა და რეგიონალური სამსახურებიდან. ტრენინგს უძღვებოდნენ ექსპერტები ანტონ ქელბაქიანი და ნატალია ცაგარელი.

სამი დღის განმავლობაში სოციალური სააგენტოს თანამშრომლები გაეცნენ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითად პრინციპებს, კომიტეტის ზოგად კომენტარ N14–ს, რაც ბავშვის საუკეთესო ინტერესის განმარტებას გულისხმობს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს, საერთაშორისო ინსტრუმენტებს, მათს არსს და მნიშვნელობას, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარ N10–ს, კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვთა საპროცესო უფლებებს, ბავშვის დაცვას ძალადობისგან, ბავშვის უფლებებს განქორწინების დროს და სხვა.

სწავლებისას ძირითადი ფოკუსი გაკეთდა პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და კაზუსების განხილვაზე, ასევე დისკუსიებსა და ღია მსჯელობებზე, მოეწყო იმიტირებული სასამართლო, რა დროსაც მონაწილეებს მიეცათ საშუალება მაქსიმალურად ჩართულიყვნენ სხვადასხვა თემის განხილვაში, მოესმინათ არგუმენტები და განევითარებინათ თავიანთი მსჯელობა.

ტრენინგის თემა აქტუალობიდან გამომდინარე შეირჩა, ვინაიდან, 2015 წლიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედებამ პრაქტიკაში მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა. სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საჩივრებიდან ასევე გამოიკვეთა სამართალწარმოების პროცესში ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ხელყოფის რიგი შემთხვევები. გარდა აღნიშნული პრობლემური საკითხების განხილვისა, ტრენინგი ასევე მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ სოციალურ მუშაკებს მსგავს ტრენინგებში მონაწილეობისა და ზოგადად, კვალიფიკაციის ამაღლების ნაკლები შესაძლებლობები აქვთ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)