სიახლეები

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი აღდგა

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 35-ე რაუნდზე მიღწეულ შეთანხმებას – გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის თაობაზე, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში იყო შეწყვეტილი.

სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა რეკომენდაციით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილე დელეგაციებს, გამოეჩინათ მეტი მოქნილობა და გადაედგათ ქმედითი ნაბიჯები გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღსადგენად.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები ქმნის მნიშვნელოვან სივრცეს ადგილობრივი უსაფრთხოების საკითხების განხილვისათვის ყველა მხარის ჩართულობით. მნიშვნელოვანია, რომ მექანიზმი მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ადგილობრივი მაცხოვრებლების უფლებების დაცვისათვის და თავიდან იქნეს აცილებული განსახილველ საკითხთა პოლიტიზირება.

სახალხო დამცველის მიერ აფხაზეთის მიმართულებით გამყოფი ხაზის ორივე მხარეს განხორციელებული მონიტორინგისას წლის განმავლობაში გამოიკვეთა ისეთი პრობლემები, როგორიცაა პაციენტების, სკოლის მოსწავლეებისა და სასწრაფო დახმარების მანქანების გადაადგილების შეზღუდვა, ადგილობრივი მოსახლეობის მუდმივი დაკავებები და დაკავების ადგილას (რუსულ სამხედრო ბაზებზე) არასათანადო პირობები. პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საკითხი და, ასევე, გალის მოსახლეობაში გავრცელებული შიში, დაიცვან საკუთარი უფლებები.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე მხარეებმა სიღრმისეულად უნდა განიხილონ ეს საკითხები და დროული და შესაბამისი ზომები მიიღონ, რათა გაუმჯობესდეს ადგილობრივთა უფლებრივი მდგომარეობა.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ბოლოდროინდელი თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება გაგრძელდება და ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიღწეულ იქნება ადამიანის უფლებების დაცვის, მშვიდობისა და სტაბილურობისათვის აუცილებელი გადაწყვეტილებები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)