სიახლეები

საჯარო დისკუსია „ადამიანის უფლებების მდგომარეობა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში: არსებული გამოწვევები და სახელმწიფოს სტრატეგია“

2017 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე - ადამიანის უფლებების მდგომარეობა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში: არსებული გამოწვევები და სახელმწიფოს სტრატეგია. შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა წარადგინა სპეციალური ანგარიში „გადასასვლელების გაუქმების გავლენა აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე“.

სახალხო დამცველმა თავის გამოსვლაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უფლებრივი მდგომარეობა მიმოიხილა; გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის კუთხით უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა 2017 წლის დასაწყისში ორი გადასასვლელი პუნქტის გაუქმება და ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთისათვის“ სანქციების გაზრდა. ასევე, ისაუბრა გალის რაიონში დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

აფხაზეთის გამყოფ ხაზზე 2016 წლის აპრილში ერთი - შამგონა-თაგილონი, ხოლო 2017 წლის 4 მარტს კიდევ ორი - ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას გამშვები პუნქტები გაუქმდა. გადასასვლელების გაუქმებასთან ერთად, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ასევე გაზარდა სანქციები ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით დაკავებულთათვის. ჯარიმები გასამმაგდა, განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი სანქციებს დაემატა ადმინისტრაციული პატიმრობა. 2017 წლიდან უკვე დაფიქსირდა ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით გრძელვადიანი პატიმრობის რამდენიმე შემთხვევა.

ხურჩა-ნაბაკევისა და ორსანტია-ოტობაიას გადასასვლელი პუნქტების გაუქმებამ განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა მოახდინა გალის რაიონის ე.წ. ქვედა ზონაში მცხოვრები 11 სოფლის დაახლოებით 3 400 ოჯახზე, რომლებიც ყველაზე ხშირად სარგებლობდნენ ამ გადასასვლელებით. გაიზარდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიამდე მგზავრობის დრო და თანხა. განათლების მიღების მიზნით გამყოფი ხაზის კვეთას ვეღარ ახერხებენ სკოლის მოსწავლეები და საბავშვო ბაღის აღსაზრდელები.

სახალხო დამცველის განცხადებით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მაჩვენებელია ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის მიმართ განხორციელებული დევნა. ამასთან, ზეწოლა ხორციელდება იმ პირებსა თუ ორგანიზაციებზე, რომლებიც ნდობის აღდგენის და მშვიდობის მშენებლობის პროექტებში იღებენ მონაწილეობას.

სოციალური უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სერვისების სიმწირეს, მათ შორის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, შშმ პირებისათვის, ბავშვებისათვის და ა.შ. პრობლემურად შეფასდა ეკონომიკური მდგომარეობა აფხაზეთში, განსაკუთრებით კი გალის რაიონში, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა რეგიონში აზიური ფაროსანას გავრცელების შედეგად. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშაოს გეგმა თუ როგორ უპასუხებს გალის რაიონის მცხოვრებთა ეკონომიკურ პრობლემებს; თუმცა სამწუხაროდ, კონფლიქტით დაზარალებულ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული სახალხო დამცველის რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებული არ არის.

ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვიდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, „სამოქალაქო ფორუმის“ ხელმძღვანელი ზურაბ ბენდიანაშვილი, „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ ელიკო ბენდელიანი და „საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის“ წარმომადგენელი ოლესია ვართანიანი. დისკუსიას მოდერირება გაუწია „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორმა ნინო კალანდარიშვილმა.

დისკუსია ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.


გადასასვლელების გაუქმების გავლენა აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე

16.11.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)