სიახლეები

სახალხო დამცველი გადასასვლელებზე გადაადგილების შეზღუდვას ეხმაურება

2019 წლის 10 იანვარს აფხაზეთის, ხოლო 11 იანვარს ცხინვალის გადასასვლელებზე შეიზღუდა გადაადგილება. გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის მიმართულებით შეზღუდულია გადაადგილება ყველასთვის, გარდა პაციენტებისა, რომელთაც ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულების ცნობა აქვთ სამედიცინო საჭიროებასთან დაკავშირებით, ხოლო ახალგორის მიმართულებით, გადასასვლელი სრულად ჩაკეტილია.

უნდა აღინიშნოს, რომ გადასასვლელებით აქტიურად სარგებლობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, განსაკუთრებით ყურადსაღები კი პაციენტების, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების მდგომარეობაა. სახალხო დამცველისათვის ცნობილი გახდა ორი შემთხვევის შესახებ, როდესაც ენგურის ხიდზე რამდენიმე დღის განმავლობაში პაციენტებმა ადგილობრივი სამედიცინო ცნობის მიუხედავად გადაადგილება ვერ შეძლეს. ასევე, სტუდენტები რომლებიც სადღესასწაულოდ გადასული იყვნენ როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში, საგამოცდო პერიოდისთვის ვერ ახერხებენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას.

სახალხო დამცველის შეფასებით, გადასასვლელებზე გადაადგილების შეზღუდვა და მათი დროებითი დახურვა ლახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების გადაადგილების თავისუფლებას, უქმნის მათ დაბრკოლებებს ჯანდაცვის სერვისებისა და განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით.

სახალხო დამცველი მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლებებსა და რუსეთის ფედერაციას მოიხსნას ხელოვნური ბარიერები, რომლებიც ზღუდავს ადგილობრივთა გადაადგილების თავისუფლებას, ასევე მათი განათლებისა და ჯანმრთელობის უფლებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება