სიახლეები

სახალხო დამცველი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

2018 წლის 8 მაისს საქართველო სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას შეხვდა.

შეხვედრაზე ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული გამოწვევები და დევნილი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა განიხილეს.

საქართველოს სახალხო დამცველმა ისაუბრა რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამაში არსებულ ხარვეზებზე, როგორიცაა ამბულატორიული მომსახურებისა და კვლევების დაფინანსების შეწყვეტა, რეფერალური კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ხანგრძლივობა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების მქონე პირებისათვის რეფერალური პროგრამით სარგებლობის შეზღუდვები. ხაზი გაუსვა აფხაზეთში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის საკითხს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე მოქმედ უნივერსიტეტებში აფხაზეთიდან ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალურ მდგომარეობას, მოსწავლეებისა და ახალგაზრდების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას.

სახალხო დამცველმა რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა წამოწია, რომლებიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საგანი უნდა გახდეს: პირველი, წლებია დაბრკოლებები ექმნებათ პაციენტებს, რომელთაც დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველზე არ ეძლევათ უფლება სასწრაფო დახმარების მანქანით გადაადგილდნენ ენგურის ხიდზე. მათ უწევთ ჩვეულებრივი ავტოტრანსპორტით მგზავრობა, რაც საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მეორე, აფხაზეთის მკვიდრი ახალგაზრდები, რომლებიც უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ამთავრებენ, უკან დაბრუნების შემთხვევაში დასაქმების პრობლემებს აწყდებიან, ვინაიდან, დე ფაქტო ხელისუფლება ქართულ დიპლომებს არ აღიარებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში მერი კოჭლამაზაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი კონფლიქტის რეგიონში ადამიანის უფლებათა საკითხებში მედეა ტურაშვილი; ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა.

8.05.18
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება