სიახლეები

სახალხო დამცველი კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

2018 წლის 4 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახული კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების მდგომარეობა გააცნო და მათი მოსაზრებები და შეფასები მოისმინა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და მის თანმდევ – თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, საკუთრების უფლების დარღვევებზე. სამწუხაროდ, უკანონო დაკავებები, გადაადგილების შეზღუდვა, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემები და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარება კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურობის ნაწილია.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია გალის რაიონში შექმნილი მდგომარეობა, სადაც დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად მოსახლეობა დღითიდღე მეტად ექცევა იზოლაციაში და ეზღუდებათ საბაზისო საჭიროებები: განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, მცირე ვაჭრობის და ამით შემოსავლის მოძიების შესაძლებლობა, ნათესაური კავშირების შენარჩუნება და აშ. ამ ყოველივეს ემატება აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ეკონომიკური ზარალი.

სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით – იმსჯელოს და დაავალოს შესაბამის უწყებებს შეიმუშაონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა სოციალური მდგომარეობის შეფასების და სოციალური დაცვის პროგრამა, რათა შესაძლებელი გახდეს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების, მრავალშვილიანი ოჯახების, ხანდაზმულების, მარტოხელა მშობლების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ა.შ. ფინანსური დახმარება.

წლებია ღიად დგას ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის საკითხი. სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მიმართა რეკომენდაციით ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში, მხარი დაუჭირონ გადაწყვეტილებას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის ან/და მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ და აპირებს ჩაერთოს სამთავრობო და საპარლამენტო განხილვებში საკუთარი მოსაზრებების და შეთავაზებების დასაფიქსირებლად.

4.05.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება