სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატმა გორში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებს უმასპინძლა

2017 წლის 4 ოქტომბერს, სახალხო დამცველის აპარატის დახმარებით და ორგანიზებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები გორში 2008 წლის ომის დროს დაზარალებულ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრა მიზნად ისახავდა სასამართლოს, სახალხო დამცველსა და დაზარალებულ თემებს შორის ინფორმაციის გაცვლას და მოსაზრებების გაზიარებას. ასევე, სასამართლოს დელეგაციის მიზანს წარმოადგენდა დაზარალებულთა საჭიროებების გაცნობა და შემდგომში მათთვის სპეციალური პროგრამების შემუშავება.

დელეგაციის წევრებმა დაზარალებულებს მიაწოდეს ინფორმაცია გამოძიების ვადებზე, ჩადენილი დანაშაულებების ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე და დაზარალებულებთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში სახალხო დამცველის აპარატის მრჩეველმა მედეა ტურაშვილმა ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის აპარატის მზაობას ითანამშრომლოს სასამართლოსთან და მეტი ინფორმაცია მიაწოდოს დაზარალებულებს სასამართლოს მუშაობის შესახებ. აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველის აპარატმა 2017 წელს ერთი საჯარო შეხვედრა უკვე გამართა.

შეხვედრას დევნილთა ჩასახლებიდან და გამყოფი ხაზის სოფლებიდან 50–მდე სათემო აქტივისტი ესწრებოდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება