სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება ახალგორის ერთ–ერთ მკვიდრთან დაკავშირებით

სახალხო დამცველს დაუკავშირდა ახალგორში გაუჩინარებული გ.ბ.-ს ოჯახის ახლობელი. მისი განცხადებით, ამა წლის 4 ივნისს, 20 წლის გ.ბ. და დ.ა. სამსახურიდან წაიყვანეს ახალგორის დე ფაქტო მილიციაში დასაკითხად როგორც ქურდობაში ეჭვმიტანილი. დ.ა. დაკითხვის შემდეგ გამოუშვეს. გ.ბ. ბოლოს დ.ა.-მ სწორედ მილიციაში ნახა. მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია. ოჯახის ინფორმაციით იგი გამომძიებელს არ დაუკითხავს. დღის ბოლოს, კი გ.ბ.-ს პირადი ნივთები მილიციამ ოჯახის შორეულ ნათესავს მიუტანა სახლში. ახლობლების განცხადებით, ახალგორის დე ფაქტო მილიცია ოჯახს ეუბნება, რომ გ.ბ სახლთან დატოვეს და იგი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, საქმეს იძიებს დე ფაქტო საგამოძიებო სტრუქტურები, ასევე, საქმის კურსშია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, თუმცა მათ ახალგორში შესვლის საშუალება არ აქვთ.

სახალხო დამცველი მიმართავს, რუსეთი ფედერაციის ხელისუფლებას, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოახდინონ დაკარგულის მოძიებაზე დროული და ეფექტური რეაგირება და ითანამშრომლონ დაკარგულის ადგილსამყოფელის დასადგენად.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უფლება დამცველი ორგანიზაციების მუშაობა კონფლიქტურ რეგიონებში, რათა მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენცია და დარღვევის ფაქტების დროული გამოვლენა. სამწუხაროდ, გ.ბ.-ს გაუჩინარების ამბავი რამდენიმე დღის დაგვიანებით გახდა ცნობილი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)