სიახლეები

სახალხო დამცველის განცხადება იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

30 აგვისტოს იძულებით გაუჩინარებულთა საერთაშორისო დღე 2011 წლიდან აღინიშნება. იძულებითი გაუჩინარება გლობალური პრობლემაა და ამ დანაშაულთან ეფექტურად საბრძოლველად 2006 წელს გაეროს ეგიდით მიღებულ იქნა კონვენცია „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“. შედეგად, იძულებითი გაუჩინარება საერთაშორისო დანაშაულად გამოცხადდა და რიგ შემთხვევებში ის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად შეიძლება შეფასდეს.

საქართველოში გაუჩინარებულთა პრობლემა ქვეყანაში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტებს უკავშირდება. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 90-იანი წლების კონფლიქტების შემდეგ 1500-მდე ეთნიკურად ქართველი, 200-მდე ეთნიკურად აფხაზი, 100-მდე ეთნიკურად ოსი, ხოლო 2008 წლის ომის შემდეგ 6 ოსი და 35 ქართველი.

იძულებით გაუჩინარების დანაშაულთან საბრძოლველად სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს მიერ „იძულებით გაუჩინარებისაგან ყველა პირის დაცვის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირებას, რაც 2013 წლიდან სახალხო დამცველის რეკომენდაციას წარმოადგენს.

კონვენცია განსაზღვრავს იძულებით გაუჩინარების დანაშაულის დეფინიციას და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს მიიღოს შესაბამისი ზომები რათა იძულებით გაუჩინარება ეროვნულ დონეზე წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს. კონვენცია ასევე ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღებისთანავე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულებას. კონვენცია ასევე ადგენს მსხვერპლის უფლებას სიმართლეზე გაუჩინარების გარემოებების და გაუჩინარებული პირის ბედის შესახებ და უფლებას დროულ, სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს, არსებითი სიახლე გამოძიების პროცესში არც წელს არის და მათი ადგილსამყოფელის დადგენა კვლავ ვერ ხერხდება. მნიშვნელოვანია, რომ დროულად და ეფექტურად იქნას გამოძიებული პირთა უგზო-უკვლოდ გაუჩინარების შემთხვევები.

ამასთან, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ გაგრძელდება მხარეებს შორის თანამშრომლობა უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა მოძიების მიზნით, რომლის წარმატებულ მაგალითსაც წარმოადგენს 2013-2015 წლებში თბილისსა და სოხუმს შორის თანამშრომლობით სამარხების გახსნა აფხაზეთში.

სახალხო დამცველი უსამძიმრებს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა ოჯახის წევრებს და მათ ახლობლებს, პატივს მიაგებს ამ პირთა ხსოვნას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გადადგას ქმედითი ნაბიჯები პირთა გაუჩინარების შემთხვევების გამოძიების, დაკარგულ პირთა მოძიებისა და გაეროს კონვენციის რატიფიცირების მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება