სიახლეები

მონიტორინგი დასავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ზუგდიდის #4 საპყრობილე

სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა ზუგდიდის #4 საპყრობილეში გეგმიური მონიტორინგი განახორციელა. აღნიშნული დაწესებულება ერთ-ერთი იმათგანია, რომლებზეც სახალხო დამცველმა თავის საანგარიშო მოხსენებებში ლიკვიდაციის რეკომენდაცია გასცა. საპყრობილის საყოფაცხოვრებო პირობები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს - ინფრასტრუქტურა იმდენად მოძველებული და ამორტიზებულია, რომ ფაქტობრივად არ ექვემდებარება გარემონტებას. იმავე მიზეზის გამო შეუძლებელია მღრღნელებისა და პარაზიტების გაქრობა დაწესებულების ტერიტორიიდან. აღნიშნულ პრობლემას ამწვავებს ის ფაქტორიც, რომ საპყრობილე გადატვირთულია - მონიტორინგის დროს საპყრობილეში განთავსებული იყო 453 პატიმარი (მათ შორის, 15 ქალი და 8 არასრულწლოვანი) რაც აღემატება დადგენილ ლიმიტს – 305 პატიმარი.

მონიტორინგი მიმდინარეობდა ზაფხულის განსაკუთრებით ცხელ პერიოდში, შესაბამისად მონიტორინგის ჯგუფს საშუალება მიეცა დაეფიქსირებინა საკნებში არსებული აუტანელი უჰაერობა და სიცხე, რაც პატიმრების ყოფას არაადამიანურს ხდის. პატიმრებმა აღნიშნეს, რომ საპყრობილეს წყალი 24 საათიან რეჟიმში არ მიეწოდება. საკნებს წყალი მიეწოდება დღეში სამჯერ, სხვადასხვა ხანგრძლივობით, მაქსიმუმ 3 საათით, რაც კიდევ უფრო ამძიმებს პატიმრების მდგომარეობას.

სამედიცინო მომსახურების კუთხით ზუგდიდის საპყრობილე ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ დაწესებულებად უნდა მივიჩნიოთ. დოკუმენტაცია (მათ შორის სამედიცინო მომსახურების ამსახველი ანგარიშები) არასრულად და არასწორადაა წარმოებული, მაგალითად ტრავმების აღრიცხვის ჟურნალში, ასევე, ახლად მიღებულ პატიმართა დაზიანებების აღრიცხვის წიგნში თარიღების თანმიმდევრობა არეულია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩანაწერები არ კეთდება რეგულარულად და კანონით დადგენილი წესით. ასევე მოგვიანებით ხდება შემთხვევათა ჩამატება. ძალიან ხშირად არ არის მითითებული დაზიანებების მიყენების დრო და გარემოებები.

გარდა ამისა, ექიმის ჩანაწერებში დაფიქსირებული იქნა ისეთი ტიპის დანიშნულება, როგორიცაა: ”შაქრიანი წყალი, ”კანფეტი” და ხალვა”.

პაციენტები ვერ იღებენ ექიმ-კონსულტანტთა მიერ კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას. ადგილობრივი ე.წ. სამედიცინო სტაციონარი, რომელსაც ორი საკანი აქვს დათმობილი, არ შეესაბამება ელემენტარულ სტანდარტებს. მათში შეუძლებელია სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვა. მონიტორინგის ჯგუფის მიერ ნანახი იქნა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საავადმყოფოდან დაბრუნებულ ნაოპერაციებ პაციენტს დაუჩირქდა ჭრილობა, რაც ადგილობრივი გარემოს გათვალისწინებით გასაკვირი არ არის.

ზუგდიდის საპყრობილეში 2010 წლის თებერვლიდან აღარ ხორციელდება ფსიქიატრის ვიზიტები, რის გამოც ციხის მოსახლეობა პრაქტიკულად ფსიქიატრიული დახმარების გარეშეა დარჩენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ზუგდიდის საპყრობილის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხები აუცილებლად უნდა გახდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს განსაკუთრებული ინტერესის საგანი.

მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, პატიმრები აღნიშნავენ, რომ ექიმის ხელმისაწვდომობა უკანასკნელ თვეებში საგრძნობლად გაუმჯობესდა.

პატიმრები ასევე აღნიშნავენ, რომ მათთან მოპყრობა უკანასკნელ პერიოდში საგრძნობლად გაუმჯობესდა და რაიმე მნიშვნელოვანი პრეტენზია თანამშრომელთა მიმართ ამ კუთხით არ გამოუთქვამთ. მხოლოდ ერთეულებმა აღნიშნეს, რომ პატიმრების მიმართ გრძელდება არასათანადო მოპყრობა, თუმცა კონკრეტული მაგალითების დასახელებისგან თავი შეიკავეს.

მონიტორინგის დროს მონახულებულ იქნენ კარცერში განთავსებული პატიმრები. დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ კარცერში მოთავსებულ პატიმრებს ჰქონდათ ლეიბი და თეთრეული. აღნიშნულმა პატიმრებმა განაცხადეს, რომ კარცერში ყოფნის პერიოდში ვერ სარგებლობენ გასეირნების უფლებით და აბანოთი. დანარჩენი პატიმრები გასეირნების უფლებით სარგებლობენ ყოველდღიურად, კვირის გარდა, ხოლო აბანოთი - კვირაში ერთხელ.

პატიმრები ასევე აქვთ მიმოწერის უფლება ოჯახის წევრებთან, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავენ, მათი უმეტესობა ამ უფლებით არც თუ ისე ხშირად სარგებლობს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება