სიახლეები

განცხადება პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი სწავლობს 2014 წლის 17 აგვისტოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის N6 დაწესებულებაში მსჯავრდებულ ჯიდო ფირცხელიანის გარდაცვალების საქმეს და მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მიმდინარეობას.

მსჯავრდებული ყელის არეში მიყენებული დაზიანებით საპირფარეშოში თანამესაკნეებმა იპოვეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება – დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თავისუფლება აღკვეთილ პირებთან მიმართებით. სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისმა ორგანომ უნდა მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა დაიცვას პატიმართა სიცოცხლე და პირადი უსაფრთხოება. ამდენად, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, იყო თუ არა მიღებული ყველა გონივრული ზომა მსჯავრდებულ ჯიდო ფირცხელიანის სიცოცხლის დასაცავად.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საპირფარეშოში ელექტრონული მეთვალყურეობის სისტემის დაუშვებლობაზე აპელირება, როგორც ეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში იყო მოცემული, ვერ პასუხობს კითხვაზე, მიღებული იყო თუ არა ყველა გონივრული ზომა მსჯავრდებულის სიცოცხლის დასაცავად. აუცილებელია, ჩატარდეს დროული და ყოვლისმომცველი გამოძიება და ამასთან, გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ ეჭვების გამორიცხვის მიზნით, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო მოქმედებები უშუალოდ საქართველოს პროკურატურამ აწარმოოს. როგორც ოჯახის წევრებმა, ასევე საზოგადოებამ უნდა მიიღოს სარწმუნო პასუხი არსებულ ყველა კითხვაზე.

ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა სხეულის დაზიანების და პროტესტის ნიშნად შიმშილობის ფაქტებს, შეისწავლოს პატიმართა საჭიროებები და მიაწოდოს შესაბამისი მომსახურება, მათ შორის, დანერგოს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისები და მხოლოდ ჰუმანიტარული თანადგომის პირობებში, პატიმართა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს ე.წ. დინამიური უსაფრთხოების კონცეფცია. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები და დაცული იყოს პატიმართა სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება