სიახლეები

ოთხი პენიტენციური დაწესებულების ანგარიშის წარდგენა პარლამენტში

2020 წლის 21 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით წარსდგა და მიმოიხილა N2, N8, N14 და N15 დაწესებულებების მონიტორინგისა შედეგები.

სახალხო დამცველმა ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობის მასშტაბებსა და გამოვლინებებზე; ასევე ჯანდაცვის მდგომარეობაზე, გადატვირთულობაზე, პერსონალის ნაკლებობასა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პრობლემებზე.

სახალხო დამცველი წლებია ურჩევს სახელმწიფოს შეიმუშავოს კრიმინალური სუბკულტურის დაძლევის სტრატეგია, გაატაროს მიზანმიმართული, კომპლექსური ღონისძიებები, მათ შორის, პრაქტიკაში განახორციელოს დინამიკური უსაფრთხოების კონცეფცია, დაუსჯელობასთან ბრძოლა, დაწესებულებებში რეაბილიტაციის სერვისების გაძლიერება, სათანადო პატიმრობის პირობების შექმნა, პატიმართა ცნობიერების ამაღლება, პატიმრების წახალისება და მათთვის სხვადასხვა ღირებულ აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობის მიცემა, რაც ერთობლიობაში შეამცირებდა დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის გავლენას.

მონიტორინგისა შედეგად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულებებშიარ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, ციხის კრიმინალური სუბკულტურა პატიმრებს არასათანადო მოპყრობის, მათ შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობის საფრთხეს უქმნის. ფსიქოლოგიური ძალადობა ძირითადად გამოძალვაში, დამცირებაში, გარიყვასა და სხვა ქმედებაში გამოიხატება.

ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს მსჯავრდებულთა გარკვეული ჯგუფი (სავარაუდოდ კრიმინალური სუბკულტურის წამომადგენლები) დაჰყვებოდა და სხვა მსჯავრდებულებს გულახდილად საუბრის საშუალებას არ აძლევდა.

პრობლემას ართულებს ის ფაქტი, რომ პატიმრები სათანადოდ არ იცნობენ საკუთარ უფლება-მოვალეობებს და კრიმინალური სუბკულტურის გავლენითა და რეპრესიის შიშით უარს ამბობენ საჩივრის უფლების გამოყენებაზე. არაფორმალური მმართველობის გავლენის გაძლიერებასთან ერთად, კლებულობს სახალხო დამცველის აპარატში გამოგზავნილი განცხადებების რაოდენობა.

არაფორმალური მმართველობის დაძლევა მრავალკომპონენტიანი სტრატეგიის შემუშავებას მოითხოვს. სახალხო დამცველის რეკომენდაციაა: სახელმწიფომ აღკვეთოს არაფორმალური ლიდერებისთვის უფლებამოსილების დელეგირება და თავად დაიცვას წესრიგი და უსაფრთხოება. მცირე პენიტენციურ დაწესებულებებთან ერთად აუცილებელია თანამშრომლების რაოდენობის, მათი ოპერაციული შესაძლებლობების და კომპეტენციის გაძლიერება; პარალელურად გასაძლიერებელია სარეაბილიტაციო სერვისები და შესაქმნელია პატიმრობის სათანადო პირობები.

თანამშრომლების მხრიდან პატიმრებზე ზემოქმედების თვალსაზრისით მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დეესკალაციის ოთახებში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსების პრაქტიკა. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი დაარეგულირებს არსებულ პრობლემას და საკანომდებლო ცვლილების გზით დეესკალაციის ოთახში მაქსიმალური მოთავსების ვადა 72-დან 24 საათამდე შემცირდება.

მონიტორინგის შემდგომი შედეგების შესახებ ანგარიშის წარმოდგენისას სახალხო დამცველმა პენიტენციური ჯანდაცვის პრობლემებზეც ისაუბრა. განიხილა სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და კვალიფიკაცია, სამედიცინო დოკუმენტაციის სათანადო წარმოება, კონფიდენციალობის დაცვა, სამედიცინო რეფერალის დროული განხორციელება და პრევენციული ჯანდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა. ისაუბრა ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების მიწოდების სირთულეებზე. აღნიშნა, რომ პერსონალის დაბალი ხელფასი, რთული სამუშაო პირობები, კადრების გადინებას იწვევს.

გამოსვლის დასასრულს სახალხო დამცველმა პარლამენტართა მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. აღნიშნა, რომ მსგავსი ხასიათის ანგარიშების მთავარი მიზანია პრობლემის პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე მოგვარება და რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები, სანამ ვითარება გამწვავდება და პროცესი შეუქცევადი გახდება.

N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებებს მონიტორინგის შემდგომი ვიზიტით საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი 2019 წლის ივლისსა და აგვისტოში ეწვია. მეთოდოლოგიის თანახმად, ჯგუფური ინტერვიუები ჩაატარა 610 პატიმართან, ინდივიდუალური ინტერვიუ - 206 პატიმართან. სპეციალური ანგარიში სახალხო დამცველის ვებგვერდზე 2019 წლის 24 დეკემბერს გამოქვეყნდა.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება