სიახლეები

პრევენციის ეროვნული მექანიზმი აგრძელებს მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2016 წლის 10 მარტს მესამედ განახორციელეს მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი. პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის აეროპორტიდან გაემგზავრნენ გერმანიის ქალაქ დიუსელდორფისა და საბერძნეთის დედაქალაქ ათენის აეროპორტებში, სადაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს 44 მოქალაქის დეპორტაციის პროცესს დაესწრნენ.

დეპორტირებული პირები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტს გერმანიის, ესპანეთის, ბელგიის, შვეიცარიის, საბერძნეთისა და უნგრეთის სასაზღვრო პოლიციამ თვითმფრინავის ბორტზე (დიუსელდორფსა და ათენში) გადასცა. დეპორტაციის განხორციელებას კოორდინირებას უწევდა ევროპის კავშირის სახელმწიფოთა გარე საზღვრების მართვის ოპერატიული თანამშრომლობის ევროპული სააგენტო „ფრონტექსი (FRONTEX)“.

დეპორტირებული პირების მიღების, შემოწმების და მგზავრობის პროცესის მონიტორინგი უწყვეტად მიმდინარეობდა. მგზავრობამ მშვიდ გარემოში ჩაიარა და დაბრუნების ოპერაციის მიმდინარეობისას დეპორტირებული პირების უფლების დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)