სიახლეები

საჯარო დებატები: არასათანადო მოპყრობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში - რამდენად ადეკვატურია სახელმწიფოს რეაგირება?

2015 წლის 30 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა გამართა საჯარო დებატები თემაზე: „არასათანადო მოპყრობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში - რამდენად ადეკვატურია სახელმწიფოს რეაგირება?“. დებატებს მოდერაცია სამხრეთ კავკასიაში საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰუმან რაითს ვოჩის“ წარმომადგენელმა გიორგი გოგიამ გაუწია.

ღონისძიების გახსნაზე სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოკლედ ისაუბრა საკითხის სიმწვავესა და მისი განხილვის მნიშვნელობაზე; ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში ევა პასტრანამ განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სახალხო დამცველს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მათ შორის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის პრევენციისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებაში. ასევე, ისაუბრა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა კვარაცხელიამ სპეციალური მოხსენება წარმოადგინა, სადაც ზოგადად მიმოიხილა წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის პრევენციის სახელმწიფო ვალდებულები. აქვე, ხაზი გაუსვა ეფექტიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების წარმართვასა და სავარუდო მსხვერპლთა დაცვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობას. განიხილა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზები. მათ შორის, დაზიანების აღრიცხვის ჟურნალის არასრულყოფილი წარმოება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების გაჭიანურება, სათვალთვალო კამერის ჩანაწერების მცირე ვადით შენახვა. ყველა ეს ფაქტორი ხელს უშლის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ამოღებას.

საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტები მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში იჩენს თავს. თუმცა, ეთანხმება სახალხო დამცველის პოზიციას, რომ პრობლემა სიღრმისეულ შესწავლას და სისტემურ ცვლილებებს საჭიროებს. ამ კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ვიდეო-მონიტორინგის სახელმძღვანელო პრინციპების დანერგვა, რომელიც უკვე შემუშავებულია და უახლოეს მომავალში ამოქმედდება. ამასთან, მინისტრის მოადგილემ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მოსალოდნელ სტრუქტურულ ცვლილებებზეც ისაუბრა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა მაია კვირიკაშვილმა გამოძიებისათვის ხელშემშლელ პირობებზე ისაუბრა; მათ შორის ყველაზე ხშირია მსჯავრდებულის მხრიდან ჩვენების მიცემაზე თავის შეკავება, ასევე ვიდეო-მასალისა და სრულყოფილი სამედიცინო ჩანაწერების არ არსებობა.

ციხის საერთაშორისო რეფორმის სამხრეთ კავკასიის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა ცირა ჭანტურიამ სასჯელაღსრულების სისტემაში დამკვიდრებული ძალადობის კულტურის აღმოფხვრისათვის კომპლექსური ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობაზე; წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კონტექსტში ამ სტანდარტების დანერგვის პერსპექტივის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრაზე ისაუბრეს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების და აუდიო ჩაწერის უფლებამოსილების მინიჭებაზე.

დებატების დასასრულს დამსწრე საზოგადოების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და სტუდენტების მონაწილეობით დისკუსია გაიმართა.

საქართველოს სახალხო დამცველის ყოველთვიური საჯარო დებატები ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის ხელშეწყობა“ ფინანსური მხარდაჭერით იმართება.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება