სიახლეები

საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების მინიჭებას ჩეხი კოლეგებიც უჭერენ მხარს

2013 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლებამოსილების მინიჭების ინიციატივით გამოვიდა. საქართველოს სახალხო დამცველის ეს პოზიცია განპირობებული იყო პატიმართა სხეულზე სავარაუდო ძალადობის კვალის დოკუმენტირებისა და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის კუთხით არსებული საგანგაშო მდგომარეობით. სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს დასაბუთებული წინადადებითაც მიმართა აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებით.

საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის ფოტოგადაღების უფლებამოსილების მინიჭების საკითხის მნიშვნელობა. ამ საკითხზე მუშაობა ასევე მიმდინარეობდა წამების წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. გაიმართა რამდენიმე საკონსულტაციო შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებთან.

საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივამ საერთაშორისო დონეზეც მოიპოვა მხარდაჭერა, მათ შორის, კოლეგების მხრიდანაც. ჩეხეთის რესპუბლიკის სახალხო დამცველმა ანა საბატოვამ საქართველოს სახალხო დამცველს აღნიშნული ინიციატივის მხარდამჭერი წერილი მისწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ბატონ ნანუაშვილს

როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის სახალხო დამცველმა, მინდა მადლიერება გამოვხატო გასული წლის შემოდგომაზე, ჩემს კოლეგებსა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს შორის შემდგარი ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ჩემმა კოლეგებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოში განხორციელებულ სამდღიან სასწავლო ვიზიტში და მოინახულეს სახალხო დამცველის ოფისი. ვიზიტი მიზნად ისახავდა, პრაქტიკული დასკვნებისა და გამოცდილების გაზიარებას, განსაკუთრებით კი სპეციალური ზედამხედველობის ისეთ დაწესებულებებში სადაც თავისუფლებაშეზღუდული პირები იმყოფებიან. აგრეთვე ბავშვთა უფლებებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების დაცვის მიმართულებით. ჩემი კოლეგები გაეცნენ სახალხო დამცველის კომპეტენციას, მუშაობის მეთოდებსა და არსებულ გამოწვევებს. გარდა ამისა, მათ მიეცეთ შესაძლებლობა მოენახულებინათ სასჯელაღსრულების N8 დაწესებულება და SOS ბავშვთა სოფელი.

სასწავლო ვიზიტის განხორციელების ხელშეწყობისათვის გადახდილი მადლობის გარდა, ძალიან ვაფასებ იმ სამუშაოს, რომელსაც ახორციელებს პრევენციის ეროვნული მექანიზმი, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით ხორციელდება მაღალ დონეზე. ჩემი მოსაზრებები ეყრდნობა ჩემი კოლეგების დასკვნებსა და ჩემს პირად გამოცდილებას ახლახან საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებთან ბრნოში გამართული შეხვედრიდან გამომდინარე. მიმაჩნია, რომ დაწესებულებებში ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება ხდება ეფექტურად. გარდა ამისა, ძალიან დადებითად ვაფასებ პრევენციის ეროვნული მექანიზმის გუნდის წევრების მაღალ პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრევენციის ეროვნულ მექანიზმის მუშაობა მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვას საქართველოში, რასაც თავის მხრივ აქვს პოზიტიური ეფექტი სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის აღქმასა და მის სანდოობასთან დაკავშირებით.

აღნიშნული დასკვნების კონტექსტში, გარკვეულწილად გაკვირვებული დავრჩი, რომ კანონის თანახმად, საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმი არ არის უფლებამოსილი მონიტორინგის პროცესში განახორციელოს ფოტო გადაღება (როგორც აღნიშნეს ჩემმა კოლეგებმა სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში ვიზიტის დროს).

ფოტო დოკუმენტაციის გაკეთების შესაძლებლობა წარმოადგენს ჩეხეთის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს თავისუფლება შეზღუდულ პირთა უფლებების ზედამხედველობასთან მიმართებაში. აგრეთვე, როგორც ჩემი საერთაშორისო გამოცდილება მაჩვენებს, ეს პრაქტიკა დამკვიდრებულია სხვა ევროპულ ქვეყნებში. მჯერა, რომ თავისუფლებაშეზღუდული პირების ფუნდამენტალური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის განმტკიცების მიზნით საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის უფრო მეტად გაძლიერდება.

დასასრულს, მინდა დავამატო, რომ თანამშრომლობამ საქართველოს სახალხო დამცველთან ძალიან ნაყოფიერი შედეგი გამოიღო ჩემთვის და ჩემი კოლეგებისათვის. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ასევე ერთობლივად შევძლებთ ვიმუშაოთ მომავალში.

იხილეთ ჩეხეთის რესპუბლიკის სახალხო დამცველის წერილის დედანი

ქალბატონმა ანა საბატოვამ მსგავსი წერილით, ასევე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს.



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)