სიახლეები

სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა

2014 წლის 2 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც შეხვდნენ და ესაუბრნენ ბრალდებულ გ.წ.-სა და გ.ა.-ს.

ბრალდებულების განმარტებით, ისინი დააკავეს 2014 წლის 1 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. დაკავებისას და დაკავების შემდგომ მათ მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა, რაც გამოიხატა არაერთგზის ფიზიკურ ძალადობაში. ბრალდებულთა ახსნა-განმარტებების მიხედვით, დაკავების შემდეგ ისინი გადაიყვანეს გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს VIII განყოფილებაში, სადაც მათ მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა განახორციელეს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსმა და სამმართველოს სხვა თანამშრომლებმა.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას, ბრალდებულ გ.წ.-ს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები სახის, თავისა და კისრის არეში, ხოლო გ.ა.-ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალზე, მრავლობითი დაზიანებები ზურგის, მკლავების, მაჯების, მუხლების, კისრისა და მუცლის მიდამოებში.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა მოქალაქე გ.წ.-სა და მოქალაქე გ.ა-ს მიმართ სამართალდამცავი პირების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ აფიქსირებს თავის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც სამართალდამცავი პირების მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენას ეხება, საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება