სიახლეები

წინადადება მთავარ პროკურორს სად–ის #14 დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულისადმი შესაძლო არასათანადო მოპყობასთან დაკავშირებით

2014 წლის 14 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, მსჯავრდებულ ა.მ-ს მიმართ სასჯელაღსრულების #14 დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყობის ფაქტთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის რწმუნებულთან საუბარში ქუთაისის #2 დაწესებულების მსჯავრდებულმა ა.მ-მ. განაცხადა, რომ ის მიმდინარე წლის 4 აპრილს ქუთაისის #14 დაწესებულებიდან #2 დაწესებულებაში გადმოიყვანეს, რასაც წინ უძღოდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობა.

ა.მ-ს განმარტებით, იგი 4 აპრილს #14 დაწესებულების სარეჟიმო განყოფილების უფროსის მოთხოვნით, ერთ–ერთ საგამოძიებო ოთახში შეიყვანეს, სადაც დახვდნენ დაწესებულების დირექტორი და ე.წ. „მაყურებლები“. დაწესებულების დირექტორმა მსჯავრდებულს განუცხადა, რომ აპირებდა მის სხვა დაწესებულებაში ეტაპირებას, რაც პატიმარმა სიტყვიერად გააპროტესტა. მსჯავრდებული აცხადებს, რომ ამ დროს ოთახში შევიდა სარეჟიმო განყოფილების უფროსი, რომელმაც მას ე.წ. რაცია ჩაარტყა მარცხენა მკლავის ზედა ნაწილზე. შემდეგ დაწესებულების თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით ამოუბრუნეს ხელ–ფეხი, დაადეს ბორკილები და ასეთ მდგომარეობაში გადაიყვანეს #2 დაწესებულებაში.

მსჯავრდებულის ინფორმაციით, მის მიმართ #14 დაწესებულების ადმინისტრაციის და ე.წ. „მაყურებლების“ მხრიდან დაშინების და ძალადობრივი ქმედების მცდელობას ადგილი ჰქონდა 1 აპრილსაც, რის გამოც, იგი გაიქცა დაწესებულების სპორტულ მოედანთან მდებარე წყლის ავზებთან, სადაც ფეხსაცმლის თასმა ცალი მხარით ჩასჭიდა რკინას და ჩამოიკიდა კისერზე.

სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრის დროს ა.მ-ს სხეულზე აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: მარცხენა მხარეს ლავიწის ძვალთან დაახლოებით ხუთი სმ. სიგრძის ფუფხით დაფარული ესკორაცია, მარცხენა ბეჭზე მოყვითალო ფერის დაზიანება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება