ანგარიშები

ქვეყანაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ

2014 წელს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების შედეგად, საქართველომ იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა თავისი კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება ევროკავშირის სამართალთან, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 2 მაისს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიღება. აღნიშნული კანონით დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ზედამხედველობის ფუნქცია საქართველოს სახალხო დამცველს მიენიჭა.

კანონის თანახმად სახალხო დამცველი, მისთვის მინიჭებული ფუნქციის უზრუნველსაყოფად, თავის საქმიანობას ოთხი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს:

  • დისკრიმინაციის ფაქტების შესწავლა;
  • საკანონმდებლო წინადადებების შემუშავება;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიების განხორციელება;
  • დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა და ყოველწლიური სპეციალური ანგარიშის გამოცემა.

ანგარიში მოიცავს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და ზედამხედველობის კუთხით კანონის მიღებიდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით განხორციელებულ საქმიანობას.

ანგარიშში მიმოხილულია სახალხო დამცველის მიერ ცალკეული განცხადებების/საჩივრების მიღების, დასაშვებობის ეტაპის გავლისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცედურები. ანგარიში აგრეთვე მოიცავს მტკიცებულებათა მოპოვება/შეგროვებისა და მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებებს, სასამართლო მეგობრის მოსაზრების წარდგენისა და მხარეთა მორიგების მიზნით ჩატარებული ზეპირი მოსმენის გამართვის სპეციფიკას.

ანგარიშში ასევე შესულია ინფორმაცია სახალხო დამცველის მიერ დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეფექტურობის გასაზრდელად შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებების შესახებ, აგრეთვე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიების განხორციელების თვალსაზრისით ჩატარებული საგანმანათლებლო ტრენინგები და თავად სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე გამართული სასწავლო ტრენინგების/სემინარების შესახებ ინფორმაცია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)