სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის მარნეულის მერის სექსისტურ გამონათქვამს ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება 2017 წლის 13 ნოემბერს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მარნეულის ახლადარჩეული მერის თემურ აბაზოვისა და სოფელ კაჩაგანის მოსახლეობის შეხვედრის შესახებ, რომელსაც მხოლოდ მამაკაცები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მყოფთა თქმით, მათი მეუღლეებისათვის სოფლის ცენტრში მისვლა არ შეიძლება, ზოგიერთმა კი ქალების არყოფნის მიზეზად სადილის გაკეთება დაასახელა. აღნიშნულ მსჯელობას დაეთანხმა ასევე მარნეულის მერი, რომელმაც აღნიშნა, რომ „ალბათ, ამ დროს, შუადღე არის და თავიანთი მეუღლეებისათვის საკვებს ამზადებენ.“

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ქალთა თანასწორობის მხრივ დღესაც ბევრი გამოწვევა არსებობს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა კი ქალთა სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის საკითხია. ამის გათვალისწინებით, საზოგადოების თუ თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ამყარებს არსებული დისკრიმინაციის წამახალისებელ სტერეოტიპებს ქალისა და მამაკაცის განსაზღვრული როლების შესახებ და ხაზს უსვამს მამაკაცის დომინანტურ მდგომარეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. აღნიშნული კი ქმნის საფრთხეს, რომ ქალები, მომავალში, სქესის გამო უფრო ხშირად დაექვემდებარებიან დისკრიმინაციას. ამასთან, განსაკუთრებით შემაშფოთებელია გენდერულად მჩაგვრელი პრაქტიკის მხარდაჭერა და წახალისება ქალაქის მერის მხრიდან, რომელსაც, თავის მხრივ, თანასწორი გარემოს შექმნის ვალდებულება გააჩნია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს მარნეულის მერს თემურ აბაზოვს, მომავალი თავი შეიკავოს სექსისტური გამონათქვამებისგან და თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას რეგიონში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება