სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა ფიზიკური პირის წინააღმდეგ დისკრიმინაცია დაადგინა

2018 წლის 9 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა სექსუალური ორიენტაციის და საქმიანობის სფეროს ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა კერძო პირის მიმართ, ვინაიდან მან ლგბტ+ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობა 17–ს“, საოფისე ფართი მისი საქმიანობის გამო არ მიაქირავა.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა განმარტა ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი და მისი მნიშვნელობა სამოქალაქო სამართალში - რომ სახელშეკრულებო თავისუფლებით დაცულია პირის შესაძლებლობა, გადაწყვიტოს, დადოს თუ არა ხელშეკრულება ამა თუ იმ ქონებრივ უფლებასთან დაკავშირებით, განსაზღვროს ხელშეკრულების პირობები და ხელშეკრულების მხარეც თავად აირჩიოს. თუმცა, რეკომენდაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს პრინციპი შეიძლება შეიზღუდოს იმპერატიული ნორმების საფუძველზე. კერძოდ, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში მითითებულია, რომ დისკრიმინაცია აკრძალულია ყველა სფეროში, მათ შორის, წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მოპასუხეს მიმართა, მომავალში თავი შეიკავოს სახელშეკრულებო ურთიერთობებში სექსუალური ორიენტაციის და საქმიანობის სფეროს, ასევე სხვა ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და სამეწარმეო საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება