სიახლეები

სახალხო დამცველი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტის გათავისუფლებას ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან „მოამბის“ ჟურნალისტის ლაშა მესხის გათავისუფლების ფაქტს ვინაიდან მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევა შესაძლოა წარმოადგენდეს განსხვავებული მოსაზრების და პროფესიული კავშირის წევრობის გამო დისკრიმინაციას.

როგორც სახალხო დამცველისთვის არის ცნობილი, ლაშა მესხის გათავისუფლების საფუძველი მასთან დადებული ერთთვიანი ხელშეკრულების ვადის გასვლა გახდა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთადერთი გათავისუფლებული პირია, იმ 13 დასაქმებულიდან, რომელთა ერთთვიანი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ერთთვიანი ხელშეკრულების ვადის გასვლის მიზეზით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და კანონის ფარგლებში სამსახურიდან გათავისუფლება არ გამორიცხავს დისკრიმინაციის არსებობის ვარაუდს. ხშირ შემთხვევაში, სამსახურიდან დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლებისთვის სწორედ მოკლევადიანი ხელშეკრულებები გამოიყენება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე უცნობია, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა მხოლოდ ლაშა მესხის სამსახურიდან გათავისუფლება. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც ჟურნალისტი მენეჯმენტის მიმართ მის განსხვავებულ და კრიტიკულ მოსაზრებებზე და პროფესიული კავშირში აქტიურ საქმიანობაზე მიუთითებს, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება პასუხისმგებლობა, წარმოადგინოს განსაკუთრებით წონადი არგუმენტები და დაასაბუთოს, რომ ჟურნალისტის სამსახურიდან გათავისუფლება არ მომხდარა დისკრიმინაციული საფუძვლით.

სახალხო დამცველი მომავალშიც აქტიურად დააკვირდება საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)