სიახლეები

ტრენინგები თანასწორობის საკითხებზე პოლიციელებისთვის, მასწავლებლებისთვის და მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის

2019 წლის 21-22 ნოემბერს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხებზე ჩაატარეს ტრენინგები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის, საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის და მარნეულის მერიისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ტრენინგების ძირითადი თემატიკა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონმდებლობა და სახალხო დამცველის პრაქტიკა იყო. მასწავლებლებთან, მარნეულის მუნიციპალიტეტისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლებთან ტრენინგები კი ასევე მოიცავდა თანასწორობის უფლებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, მათ შორის, ინფორმაციას დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმებსა და დისკრიმინაციის წახალისების შესახებ სტანდარტებთან დაკავშირებით.

შეხვედრები ევროკავშირის პროექტის - „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ - ფარგლებში გაიმართა.

ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრების თუ სხვა ღონისძიებების სახით, სახალხო დამცველი, თანასწორობის მანდატის ფარგლებში, რეგულარულად ავრცელებს ინფორმაციას თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის და უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების შესახებ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)