სიახლეები

ონლაინ კონფერენცია - შშმ პირთა მიზნობრივი პროგრამები პანდემიის პირობებში

2020 წლის 15 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა გამართა ონლაინ კონფერენცია - შშმ პირთა მიზნობრივი პროგრამები პანდემიის პირობებში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო სერვისების განხორციელების საკითხები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

თავის მისასალმებელ სიტყვაში სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობაზე კარანტინის და იზოლაციის რეჟიმისა და ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული სხვა შეზღუდვების უარყოფით გავლენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში შშმ პირთა მიზნობრივი, სარეაბილიტაციო პროგრამები ძირითადად დისტანციურად ხორციელდება, რაც ზოგ შემთხვევაში არაეფექტურია და გარკვეული კატეგორიის შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირთა ინტერესებს ვერ იცავს. შედეგად, ბენეფიციართა ნაწილი თვეებია აუცილებელი მომსახურების მიღმაა დარჩენილი, რაც წლების განმავლობაში რეაბილიტაციის შედეგად მიღებული პროგრესის დაკარგვის რეალურ საფრთხეს ქმნის.

სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს, დროულად განისაზღვროს ბენეფიციართა ის კატეგორია, რომლისთვისაც პირისპირ სარეაბილიტაციო სერვისების აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე, ახალ რეალობას უნდა მიესადაგოს ჯგუფური სერვისების განხორციელება, მაგალითად ისეთის, როგორიცაა დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც ზრდასრულ შშმ პირთათვის რეაბილიტაციის პრაქტიკულად ერთადერთი შესაძლებლობაა ქვეყანაში.

სახალხო დამცველმა ასევე ხაზი გაუსვა სარეაბილიტაციო სერვისებით უზრუნველყოფის პარალელურად პრევენციის იმ ზომების დაცვის საჭიროებას რომელიც ეპიდსიტუაციის მართვის მიზნით ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზეა დადგენილი. ამ ზომების დაცვა უმეტეს შემთხვევაში საგრძნობლად ზრდის სერვისის მიწოდების ხარჯებს და რეაბილიტაციის ზოგიერთი ფორმის განხორციელებისას არ იძლევა მათი სრულად დაცვის შესაძლებლობას, რაც სერვისების მოდიფიცირების პროცესში აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული.

მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა და სახელმწიფოს მიერ გატარებულ და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა.

კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა შშმ პირთა საკითხებში გიგა სოფრომაძემ, კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა გია კაკაჩიამ და შშმ ბავშვის მშობელმა მარი კორკოტაძემ.

შეხვედრის მეორე ნაწილი აქტიურ დისკუსიას დაეთმო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო, არასამთავრობო, შშმ პირთა მიზნობრივი სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, შშმ თემის წევრებმა და შშმ ბავშვთა მშობლებმა. დამსწრეთა კითხვებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროს მხრიდან, თათია გვარამაძემ უპასუხა.

შეხვედრის განმავლობაში კონკრეტული პრობლემები და გამოწვევები გამოიკვეთა, რომელთა დაძლევის პროცესზე ზედამხედველობას სახალხო დამცველი აქტიურად გააგრძელებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)