სპეციალური ანგარიშები

სახალხო დამცველი დისტანციური წესით ჩატარებული სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს

პანდემიის პერიოდში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დისტანციურად განხორციელება და სასამართლო სხდომების ელექტრონულად ჩატარება სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდა. 18 მაისიდან 22 ივნისის ჩათვლით, სახალხო დამცველის რწმუნებულები 21 რაიონულ და საქალაქო სასამართლოში დისტანციური წესით გამართულ 279 სხდომას დაესწრნენ. სპეციალური მეთოდოლოგიისა და კითხვარების მეშვეობით განხორცილებულმა მონიტორინგმა არაერთი არსებითი ხასიათის პრობლემა წარმოაჩინა, რომელიც დისტანციურ სხდომებს სდევდა თან.

პირველ რიგში, მსგავსი სხდომების მნიშვნელოვანი (16%) ნაწილი სერიოზული, 1 საათზე მეტი დაგვიანებით იწყებოდა. სხდომათა დაგვიანებისა და გადადების მთავარი მიზეზი პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურული გაუმართაობა იყო. ტექნიკური ხარვეზები სხდომის მიმდინარეობასაც აჩენდა კვალს - მხედველობასა და სმენადობასთან დაკავშირებული, არსებითი ხასიათის ტექნიკური პრობლემები აფერხებდა პროცესის ნორმალურ მიმდინარეობას, რიგ შემთხვევებში კი - სხდომის გადადებასაც იწვევდა.

დისტანციური წესით ჩატარებული სხდომები მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა სამართლიანი სასამართლოს უფლების ჭრილშიც. სხდომებზე ბრალდებულთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის არ არსებობდა ადვოკატთან კონფიდენციალური კომუნიკაციის შესაძლებლობა. მოწმეთა დაკითხვის დროს, რიგ შემთხვევებში, სასამართლო ვერ ამოწმებდა მოწმეთა სანდოობას. ტექნიკური ხარვეზების გამო, პრობლემას წარმოადგენდა მოწმეთა თუნდაც ვიზუალური აღქმა ან მათი საუბრის გარჩევა. რამდენიმე პროცესზე დაფიქსირდა თარგმნის ხარისხთან დაკავშირებული ხარვეზი.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ დისტანციური წესით სისხლის სამართლის სხდომების შემდგომში ჩატარების შემთხვევაში, აღმოიფხვრება ყველა ტექნიკური და სამართლებრივი ხარვეზი, რომელიც ბრალდებულთა უფლებრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აზიანებდა და სასამართლო სისტემა მსგავსი გამოწვევისთვის მზად აღმოჩნდება.

ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტის მიმართ, დისტანციური პროცესის დროს მოწმეთა დაკითხვის წესის სპეციალური რეგულირების საჭიროებაზე. ასევე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიემართება რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს დისტანციური პროცესის მსვლელობისას ადვოკატსა და ბრალდებულს შორის კონფიდენციალური კომუნიკაციის ტექნიკურ უზრუნველყოფას.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება