სიახლეები

სახალხო დამცველი რუსთავი 2–ის ყოფილ გენერალურ დირექტორს შეხვდა

2019 წლის 14 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ტელეკომპანია „რუსთავის 2–ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და მის ადვოკატს დიტო საძაგლიშვილს შეხვდა და პროკურატურის მიერ გვარამიასთვის წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით მათი პოზიცია მოისმინა.

სახალხო დამცველი, ინსტიტუტის მანდატის ფარგლებში, ჩართული იქნება საქმის მიმდინარეობის პროცესში.

„იმის გათვალისწინებით, რომ გვარამია კრიტიკული მედიასაშუალების ხელმძღვანელი იყო და თავადაც კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლებისადმი, ბუნებრივია, მის მიმართ დაწყებული დევნა სახალხო დამცველის ინტერესს იწვევს. მნიშვნელოვანია დასაბუთებული მსჯელობა, იმის დასადასტურებლად, რომ ეს კონკრეტული დავა სისხლის სამართლის დასჯადობის ნაწილს ეკუთვნის და ამ თვალსაზრისით, პროკურატურამ მეტი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს; უნდა დაამტკიცოს ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა, რაც ამ ეტაპზე, ჩემი მოსაზრებით არასაკმარიასია. ვგეგმავ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მივმართო სასამართლოს, ასევე მზად ვარ შევხვდე პროკურატურის წარმომადგენლებს და მათი მოსაზრებებიც მოვისმინო,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურა ვალდებულია საქმის მიმდინარეობის შესახებ ინტენსიურად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას, თუმცა, ამასთანავე თავი უნდა შეიკავოს ბრალდებულის დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებების გაკეთებისგან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველი არაადეეკვატურად მიიჩნევს სასამართლოს მიერ გვარამიასათვის გირაოს შეფარდების მიზეზად მოწმეთა მიმართ ზეწოლის თავიდან არიდების დასახელებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება