რეკომენდაციები / წინადადებები

წინადადება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან დაკავშირებით

2020 წლის 10 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე. წარდგენილი წინადადება სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკონსულტაციო საბჭოს ჩართულობით მომზადდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული კანონპროექტის შემუშავების პროცესში, სახალხო დამცველის აპარატის მიერ რამდენჯერმე გაიგზავნა მოსაზრებები/კომენტარები როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, ისე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში. თუმცა მინიმალურად მოხდა მათი ასახვა, რაც მიუთითებს, რომ მსგავსი ჩართულობა ფორმალურია. ამასთან, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს კანონპროექტზე მუშაობის პროცესის გამჭვირვალედ, მისაწვდომი ფორმატით და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების/მათი კანონიერი წარმომადგენლების და შშმ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით წარმართვის აუცილებლობას.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი როგორც იურიდიული ტექნიკის, ისე ტერმინოლოგიური და თემატური მოწესრიგების თვალსაზრისით საჭიროებს დახვეწას. უმეტეს შემთხვევებში რეგულირება დეკლარაციული ხასიათისაა და კონკრეტული გარანტიები გაწერილი არ არის. დოკუმენტი ცალსახად არ ეფუძნება შეზღუდული შესაძლებლობისადმი მიდგომის სოციალურ მოდელს. ამასთან, მიუხედავად ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა, არ აკეთებს აქცენტს როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე მაქსიმალურად სეგრეგირებული სტატისტიკის წარმოებისა და კვლევითი მონაცემების შეგროვების მნიშვნელობაზე.

კანონპროექტი რეგულირების მიღმა ტოვებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სპეციფიური საჭიროებები და ამ მიმართულებით სახელმწიფოს ვალდებულებები; გადაადგილების თავისუფლებისა და მოქალაქეობის ჭრილში გასათვალისწინებელი რეგულაციები; ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით გასატარებელი ღონისძიებები, მათ შორის სტაციონარს გარეთ, თემზე დაფუძნებული სერვისების შემუშავების/გაფართოების ჭრილში; ჯანმრთელობის კუთხით არსებული სერვისების ყოველმხრივი, მათ შორის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთრების ფლობა და მემკვიდრეობით მიღება, საკუთარი ფინანსური საქმეების მართვა, საბანკო სესხების, იპოთეკური, სხვა ფინანსური კრედიტების თანაბარი მისაწვდომობა.

სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს იმ გარემოებას, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში არ არის მოცემული შშმ პირთა ორგანიზაციის განმარტება და არ ხდება გარკვეული გარანტიების გაწერა (ეკონომიკური და სხვა სახის მექანიზმების გამოყენებით) სახელმწიფოს მხრიდან მათი ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის.

დოკუმენტი არასრულყოფილად არეგულირებს ინკლუზიურ განათლებასთან, სოციალურ დაცვასთან, დისკრიმინაციის დაუშვებლობასთან, ინდივიდუალურ მობილურობასთან, სტატისტიკის წარმოებასთან და მისაწვდომობასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, არასაკმარისი გარანტიებია გაწერილი ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი შშმ პირების (ბავშვების) მოძიებისა და იდენტიფიკაციის მექანიზმების დანერგვის კუთხით, სოციალური დაცვის ნაწილში მოცემული დებულებები ბლანკეტური ხასიათისაა და არ მოდის შესაბამისობაში შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის 28-ე მუხლის (ცხოვრების ადეკვატური სტანდარტი და სოციალური დაცვა) მოთხოვნებთან. კანოპროექტი, დისკრიმინაციის დაუშვებლობის ნაწილში არ გვთავაზობს გონივრულ მისადაგებაზე უარის თქმის განმარტებას, ამასთან, მასში არ არის ინტეგრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გადაადგილების საშუალებების, მოწყობილობებისა და დამხმარე ტექნოლოგიების ფინანსურ ხელმისაწვდომობასთან, მობილურობის უნარ-ჩვევების სწავლებასთან, გადაადგილების დამხმარე საშუალებების, მოწყობილობისა და დამხმარე ტექნოლოგიების მწარმოებელი ორგანიზაციების მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა იმისა, რომ კანონის პროექტი მისაწვდომობის ჭრილში მოიცავს ტერმინოლოგიურ უზუსტობებს, ის არ არის ჰარმონიზებული „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსსა“ და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ 2020 წელს შესულ ცვლილებებთან. ამასთან, კანონპროექტი დეტალურად არ არეგულირებს შშმ პირთა ინფორმაციის, კომუნიკაციისა და სხვადასხვა სახის მომსახურებებზე წვდომას.

შეფასების ახალ სისტემაზე დროულად გადასვლას არსებითი მნიშვნელობა აქვს შშმ პირთათვის შესაბამისი სერვისებისა და მომსახურებების დანერგვისთვის, შესაბამისად სახალხო დამცველი ნეგატიურად აფასებს გარდამავალი დებულებებით, აღნიშნული მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმის დამტკიცებისთვის ხანგრძლივი ვადის განსაზღვრას (2023 წლის 1 იანვარი).

სახალხო დამცველი, გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად მიიჩნევს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში სახალხო დამცველის, როგორც გაეროს კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და განხორციელების მონიტორინგის მექანიზმის ფუნქციაზე ხაზგასმას.

ამასთან, იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს წარდგენილ შენიშვნებს და მიიღებს ისეთ კანონს, რომელიც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას.

იხილეთ წინადადების ელექტრონული ვერსია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)