სიახლეები

სახალხო დამცველი კახეთის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

2019 წლის 21 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილეები თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ და კახეთის რეგიონში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით გამოხატულ აქტუალურ პრობლემებს გაეცნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა სახალხო დამცველთან გამართულ შეხვედრაზე ერთ–ერთ უმთავრეს პრობლემად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მოქალაქეთა დაბალი ჩართულობა დაასახელეს. აღნიშნეს, რომ მოქალაქეები ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც კი არ იღებენ მონაწილეობას, როგორიც ბიუჯეტის დაგეგმვა, ან სოციალური პროგრამებით უზრუნველყოფის საკითხებია.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის თვალსაზრისით არსებული პრობლემები, მათ შორის სოციალური სამსახურის მწირ რესურსებზე და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შესაბამისი უწყებების რეაგირებაზე. ხაზი გაუსვეს ბავშვთა შრომის გამოყენების შემთხვევებს, როდესაც 8–10 წლის მოზარდები მათი ასაკისა და ფიზიკური შესაძლებლობისთვის შეუსაბამო მძიმე საქმიანობაში არიან ჩართული, რაც ხშირად მათ ხელს უშლის ზოგადი განათლების მიღებაში. ისაუბრეს შშმ პირთა დახმარების პროგრამების ნაკლებობაზე, კოოპერატიულ ბინათმშენებლობით დაზარალებულთა უფლებებზე.

სახალხო დამცველი პანკისის ხეობაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებითაც დაინტერესდა. როგორც ცნობილი გახდა, სხვა პრობლემათა შორის გადაუჭრელია საზოგადოებრივი ცენტრის შენობის საკითხი, რომელიც ხეობის მოსახლეობის თავშეყრის ერთადერთი ადგილია და დაფინანსების მოძიებას საჭიროებს.

.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება