სიახლეები

სახალხო დამცველის შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან

2020 წლის 30 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა. მარია პრინჩინოვიჩ ბურიჩთან გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა მიმოიხილა ქვეყანაში ადამიანის, მათ შორის სოციალური ქარტიით გათვალისწინებული სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის მდგომარეობა, თანასწორობისა და ქალთა უფლებების თვალსაზრისით მიმდინარე ცვლილებები და აპარატის საქმიანობა ამ მიმართულებით; ასევე, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გამოწვევები და მართლმსაჯულების ხარვეზები; გამოხატვის თავისუფლებისა და მედია პლურალიზმის საკითხები.

სახალხო დამცველმა დეტალურად ისაუბრა კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობაზე, ხაზი გაუსვა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხებსა და ოკუპაციით გამოწვეულ ჰუმანიტარულს კრიზისს რეგიონში.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა სახალხო დამცველის ინსტიტუტს მხარდაჭერა გამოუცხადა ევროსტრუქტურებთან თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე, გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება