სპეციალური ანგარიშები

უფლება სათანადო საცხოვრისზე - სპეციალური ანგარიში

უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის უფლება ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს. უსახლკარო პირები საზოგადოების სოციალურად დაუცველ ფენას განეკუთვნებიან და მათ ღირსეული ცხოვრებისათვის საჭირო პირობების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური და ეფექტური მხარდაჭერა ესაჭიროებათ. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ეროვნულ სამართლებრივ სისტემაში აღიარებულია საცხოვრებელთან დაკავშირებული უფლება, პრაქტიკაში მისი დარღვევის ფაქტები სისტემურ ხასიათს ატარებს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ყოველწლიურად მაღალია თავშესაფრის ან სათანადო საცხოვრებელი პირობების უქონლობის ფაქტებთან დაკავშირებით მიღებული განცხადებების რაოდენობა. მათი შესწავლის შედეგად, გამოვლინდა მთელი რიგი საკანონმდებლო და პრაქტიკული პრობლემები, რომელთა განხილვა წინამდებარე სპეციალური ანგარიშის მიზანს წარმოადგენს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ სფეროში ადამიანის უფლებების დარღვევები არ ატარებს ინდივიდუალურ ხასიათს და იგი სისტემურ პრობლემებს უკავშირდება. სახელმწიფოში დღემდე არ არსებობს უსახლკარო პირთა, რეგიონული და ცენტრალიზებული ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელიც ზუსტ ინფორმაციას მოგვაწვდიდა უფლების შეუსრულებლობის ფარგლებთან დაკავშირებით. საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს უსახლკარო პირთა სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფის ეფექტური მექანიზმი, ხოლო ცალკეული მუხლების სახით არსებული ჩანაწერები პრაქტიკაში, როგორც წესი, არ არის რეალიზებული. არსებული საკანონმდებლო რეგულაციებით, უსახლკარო პირებს, საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ფენას, არ მიუწვდებათ ხელი იმ მინიმალურ სოციალურ ბენეფიტებზე, რაც გათვალისწინებულია ქვეყნის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. დამატებით პრობლემას წარმოადგენს უსახლკარო პირთა მიზნობრივი დახმარებისათვის სახელმწიფო თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებში გამოყოფილი ფინანსური სახსრების ნაკლებობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)