სასამართლოს მეგობრის მოსაზრება

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება აქცია „გააღვიძე ოლიგარქის“ მონაწილეების საქმეზე

მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს, იგი ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, ადამიანის უფლებათა პატივისცემას და კანონის უზენაესობას. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ამ უფლების სრულფასოვანი რეალიზების ხელის შეშლის არა ერთი შემთხვევა გამოკვეთა, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხზე.

ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 5 სექტემბრის დადგენილება, რომლითაც ივლის-აგვისტოში შპს „ურეკი რეზიდენსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია „გააღვიძე ოლიგარქის“ ცხრა მონაწილე ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების გამო, სამართალდამრღვევად ცნეს. სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან, შეკრების მონაწილეთა მიზანს ხმაური წარმოადგენდა, მათი ქმედება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ჩარჩოში არ ექცევა.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვის საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს და 2019 წლის 25 ოქტომბერს სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ მიდგომას, რომლის თანახმადაც, საჯარო სივრცეში გამართულმა ნებისმიერმა შეკრებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეულ დონეზე დარღვევა ან იმ პირთა შეწუხება თუ შეურაცხყოფა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან იდეებს და მოთხოვნებს, რომელთა გავრცელებასაც შეკრება ემსახურება, თუმცა ეს ფაქტი თავისთავად არ ამართლებს უფლებაში ჩარევას.

საერთაშორისო დონეზე დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით, პირის შესაძლებლობის შეზღუდვა, თავისუფლად განსაზღვროს გზავნილის გამოსახატად შერჩეული საშუალებები, მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ეს საფუძველს არ აცლის აზრს, რომელსაც კონკრეტული შეკრება ატარებს. შესაბამისად, სახალხო დამცველმა სასამართლოს მოუწოდა, მხედველობაში მიიღოს, თუ რამდენად მჭიდრო კავშირი ჰქონდა განსახილველ შემთხვევაში შეკრების გამართვისთვის შერჩეულ ფორმას მის შინაარსთან.

ასევე, სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ნებისმიერი ღონისძიება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ადგილი აქვს ძალადობის ხელშეწყობას ან დემოკრატიული პრინციპების უარყოფას, არ ემსახურება დემოკრატიას და საფრთხეში აგდებს მას. სწორედ აღნიშნული განაპირობებს სასამართლოების მხრიდან განსაკუთრებით მკაცრი ტესტის გამოყენების აუცილებლობას, შეკრების შინაარსობრივი შეზღუდვის მართლზომიერების შემოწმებისას.

დამატებით აღინიშნა, რომ პოლიტიკური შინაარსის შეკრებები დაცულობის მაღალი ხარისხით სარგებლობს და დაუშვებელია, ხელისუფლების კრიტიკამ უფლების შეზღუდვისთვის საკმარისი საფუძველი შექმნას.

ვინაიდან მსგავს საქმეებზე სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ განსახილველი საკითხის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლო იხელმძღვანელებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ასახული პრინციპების დაცვით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება