სექსუალური ორიენტაცია / გენდერული იდენტობა

საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ვეგან კაფე „კივის“ თანამშრომლები დისკრიმინაციას დაექვემდებარნენ

2017 წლის 25 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ვეგან კაფე „კივის“ თანამშრომლების მიმართ გარეგნობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ასოციაციით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ გამოსცა რეკომენდაცია, რომლის ადრესატი ფიზიკური პირია. განმცხადებლების ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC” წარმოადგენდა.

სახალხო დამცველის წინაშე განმცხადებლები მიუთითებდნენ, რომ ისინი გახდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლნი კერძო მესაკუთრის მხრიდან, ვინაიდან გარეგნობის და სავარაუდო სექსუალური ორიენტაციის გამო მოპასუხემ მათთან მოშალა იმ შენობის ქირავნობის ხელშეკრულება, რომელშიც განმცხადებლებს კაფე ჰქონდათ გახსნილი. აღნიშნული განპირობებული იყო 2016 წლის 29 მაისს მომხდარი ინციდენტით, რა დროსაც ნეო ნაცისტური დაჯგუფების „ბერგმანის“ წევრებმა და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა კაფეს თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ვეგანური იდეოლოგიის დამცირების მიზნით, კაფეში ხორცის პროდუქტები მიიტანეს. ამ ფაქტს ჯერ „ბერგმანის“ ჯგუფის წევრებსა და კაფეს თანამშრომლებს, შემდეგ კი ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და კაფეს პერსონალს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ მესაკუთრის მიერ ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის რეალური მიზეზი ემყარებოდა მის სტერეოტიპულ განწყობებს კონკრეტული გარეგნობის მქონე ადამიანების და ლგბტ ჯგუფთან მათი სავარაუდო ასოცირების შესახებ. სახალხო დამცველის განმარტებით, ადამიანის უფლების შელახვა ვერ გამართლდება საზოგადოებაში დამკვიდრებული თუ კონკრეტული ადამიანისთვის დამახასიათებელი სტერეოტიპული შეხედულებებით, რომელიც რომელიმე ჯგუფს თუ ადამიანს საკუთარი სუბიექტური წარმოდგენების საფუძველზე აღიქვამს და მათგან ილუზორულ საფრთხეს ელის. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ის გარემოება, რომ განმცხადებლების გარეგნობა ფართის მესაკუთრისთვის მიუღებელი იყო, ვერ გაამართლებს მოპასუხის მოსაზრების პრაქტიკაში რეალიზებას ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის გზით, რამდენადაც სტერეოტიპებზე დაფუძნებული მოპყრობა ვერ მიიჩნევა ლეგიტიმურ მიზნად, რომლითაც შეიძლება განსხვავებული მოპყრობა გამართლდეს.

შესაბამისად, სახალხო დამცველმა კერძო მესაკუთრეს რეკომენდაციით მიმართა, ქირავნობიდან გამომდინარე სახელშეკრულებო თუ სხვა სახის ურთიერთობებში, მომავალში თავი შეიკავოს ნებისმიერი ნიშნის გამო დისკრიმინაციული მოპყრობისაგან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)