სექსუალური შევიწროება

სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების შემთხვევა დაადგინა

2017 წლის 3 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მხრიდან დაადგინა თანამშრომელი ქალის მიმართ შევიწროებითა და ვერბალური სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საჯარო რეესტრში მუშაობის პერიოდში, განმცხადებელი არ ახმაურებდა ინფორმაციას მოპასუხის დამამცირებელი დამოკიდებულების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შიში და ასევე, ოჯახში დაძაბულობის თავიდან აცილება წარმოადგენდა იმ სავარაუდო ძირითად მიზეზებს, რის გამოც განმცხადებელი ხელმძღვანელის დამოკიდებულებას ითმენდა.

როგორც განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან იკვეთება, მოპასუხემ მას გაუგზავნა მუქარის შემცველი და დამამცირებელი შეტყობინება - [...] მოგხედავ მე შენ , ხელითაც შეგეხები და მართლა ნაცემი რო იქნები მერე მიხვდები! მაიმუნო შენა!. განმცხადებელი ასევე, მიუთითებდა, რომ მოპასუხემ მასქუჩის ქალი“ და „ნაგავი“ უწოდა; ხოლო როდესაც განმცხადებელი შეეპასუხა და უთხრა, რომ ამ სიტყვების გამო უჩივლებდა, მოპასუხე უფრო გაბრაზდა, დაიწყო გინება და ეუბნებოდა აქ მოეთრიე, ყ** ვერ მომაჭამოო“. გარდა ამისა, მოპასუხეს ჰქონდა საკმაოდ ფამილიარული დამოკიდებულება - განმცხადებელს მიმართავდა სიტყვით „ციყვო“ და უგზავნიდა გულების ემოჯის.

მოპასუხე მხარის არგუმენტაციის თანახმად, განმცხადებელისათვის „ციყვის“ დაძახება განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ თანამშრომლებმა მოპასუხეს დაბადების დღეზე ციყვის ფორმის ტორტი მიართვეს. სახალხო დამცველი მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი ვერ გაამართლებდა დაქვემდებარებაში მყოფი პირისათვის ისეთი ფამილარული სიტყვის გამოყენებას, როგორიც არის „ციყვი“.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ კონტექსტის მიუხედავად, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მისამართით ზემოაღნიშნული უხამსი, მუქარის შემცველი გამონათქვამების გამოყენება მიუღებელია. შეტყობინებები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდა განმცხადებლის მიმართ მოპასუხის აგდებულ დამოკიდებულებას, რომელიც, სხვა ფაქტორებთან ერთად, განმცხადებელს დამამცირებელ სამუშაო გარემოს უქმნიდა.

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთაგან მოპოვებული ინფორმაციისა და მოპასუხესთან გასაუბრებიდან გამოკვეთილი ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა, ერთი მხრივ, სქესის ნიშნით შევიწროებას, რაც გამოიხატა განმცხადებლის შეურაცხყოფასა და დამამცირებელი სამუშაო გარემოს შექმნაში, და მეორე მხრივ, ვერბალური ფორმით სექსუალურ შევიწროებას, რაც გამოიხატა კონკრეტული ფამილიარული თუ უხამსი სიტყვების გამოყენებაში. ზემოაღნიშნულ ქმედებებს ჰქონდა განგრძობადი ხასიათი და დამამცირებელ და მტრულ სამუშაო გარემოს უქმნიდა განმცხადებელს.

აღსანიშნავია, რომ განსახილველი საქმის გარკვეული მასალები - ფაქტები/მტკიცებულებები, რომლებიც inter alia საფუძვლად დაედო სახალხო დამცველის მიერ აღნიშნული საქმის საბოლოო შეფასებას, არ არის გამოყენებული გადაწყვეტილებაში და მოწმეთა ინტერესებიდან გამომდინარე, კონფიდენციალურად დარჩა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება