ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

2008 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღედ გამოცხადდა.[1]

2020 წელს ამ დღეს მსოფლიო ყურადღებას ამახვილებს იმ პრობლემებზე, რომლებსაც აუტიზმის მქონე პირები სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდეგ აწყდებიან. მათ შორისაა, საზოგადოების ცხოვრებაში მონაწილეობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობა, უმაღლესი განათლებისა და დასაქმების მისაწვდომობა, დამოუკიდებელი ცხოვრება.

გაეროს გენერალური მდივნის მიმართვაში ნათქვამია, რომ წელს, ეს დღე აღინიშნება საზოგადოებრივი ჯანდაცვის უაღრესად ღრმა კრიზისის ფონზე, რომლის დროსაც აუტიზმის მქონე პირები არაპროპორციულად მაღალი რისკის ქვეშ არიან კორონავირუსის გავრცელებისა და საზოგადოებისთვის მისი შედეგების გამო.[2]

მიმდინარე მოვლენების ფონზე ანალოგიური პრობლემები დგას საქართველოში მცხოვრები აუტიზმის მქონე პირების წინაშე. ამასთან, არსებული ვითარების მიღმა ქვეყანაში გამოწვევაა აუტიზმის მქონე ადამიანების მიერ თავიანთი უფლებების განხორციელება. სათანადოდ არ ხდება მათ საჭიროებებზე მორგებული ჯანმრთელობის დაცვის, აბილიტაცია/რეაბილიტაციის მომსახურებებით უწყვეტად უზრუნველყოფა. ბავშვებისთვის ასეთი პროგრამები მხოლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოქმედებს და ვერ ფარავს ყველა სამიზნე პირს. არ არის მისაწვდომი როგორც ფინანსური, ისე ტერიტორიული თვალსაზრისით.

გამოწვევაა ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროცესში აუტიზმის მქონე პირების ჯეროვანი ჩართვა, ხარისხიანი და უწყვეტი სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიწოდება, ამ მიზნით შესაბამისი მატერიალური და ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა. საკმარისი ღონისძიებები არ ტარდება აუტიზმის მქონე პირთა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად. პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული სტიგმა და არასწორი დამოკიდებულება.

აღნიშნული პრობლემები კიდევ უფრო მეტი სიმწვავით გამოიკვეთა ქვეყანაში ახალი კორონა ვირუსის ეპიდემიის ფონზე. შეჩერებულია სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების, მათ შორის აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის, ასევე შშმ პირთა დღის ცენტრების მომსახურების ფუნქციონირება. სასკოლო პროგრამების დისტანციური სწავლების პროცესში სრულად არ არის გათვალისწინებული ყველა პირის საჭიროება. შესაბამისად, იკვეთება არსებული სერვისების მოდიფიცირებისა და დაფინანსების მექანიზმების ცვლილების აუცილებლობა, კრიზისულ სიტუაციებში შშმ პირთა შემთხვევის მართვა, სოციალური და ფსიქოლოგიური ხასიათის მხარდამჭერი ღონისძიებების გატარების საჭიროება.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს გადადგას ქმედითი ნაბიჯები არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით. პოზიტიური ღონისძიებების გატარებით უზრუნველყოს აუტიზმის მქონე ადამიანების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, მათი განათლების, პროფესიული უნარების განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობები, თანაბარი მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში. მიმდინარე საგანგებო მდგომარეობის პირობებში ყველა ძალისხმევა მიმართოს აუტიზმის მქონე პირთა უფლებების სათანადოდ დაცვისკენ.


[1] https://bit.ly/3461kbh

[2] https://bit.ly/2X2US3h

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება