ახალი ამბები

5 წელი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიღებიდან

2014 წელს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების შედეგად, საქართველომ თავისი კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ეტაპობრივი დაახლოება იკისრა და 2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (ანტიდისკრიმინაციული) კანონი მიიღო. კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ზედამხედველობის ფუნქცია სასამართლოს და საქართველოს სახალხო დამცველს მიენიჭა.

ამ პერიოდში, სახალხო დამცველმა დაახლოებით 650 განცხადება შეისწავლა, ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები/ტრენინგები სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, ჟურნალისტებთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლებთან, კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა საჯარო მოხელეებთან. ამასთან, თანასწორობის უფლების შესახებ კარგი პრაქტიკის განვითარების და სწორი სტანდარტების დადგენის მიზნით, საერთო სასამართლოებს 20-მდე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეში მესამე მხარის ინტერვენცია განახორციელა, რომლითაც სასამართლოს ქალთა თანასწორუფლებიანობის შესახებ საქართველოში არსებული ვითარება აცნობა.

დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ კანონმდებლობის მიღება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა, სახალხო დამცველის პრაქტიკის შედეგად მალევე გამოვლინდა ის მატერიალური და პროცესუალურ-სამართლებრივი ნაკლოვანებები, რაც ნორმატიული ჩარჩოს პრაქტიკაში მოქმედებას აფერხებდა და რაზეც სახალხო დამცველი ჯერ კიდევ თავის 2015 წლის სპეციალურ ანგარიშში მიუთითებდა. სახალხო დამცველის განმეორებითი რეკომენდაციების შედეგად, 2019 წლის თებერვალში შევიწროების და სექსუალური შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ფორმების რეგლამენტაცია მოხდა.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტი განიხილავს კერძო პირებთან მიმართებით სახალხო დამცველის მანდატის გაძლიერებას, რაც სახალხო დამცველისთვის ინფორმაციის მიწოდების დავალდებულებას და რეკომენდაციების აღსრულების მექანიზმის შექმნას უკავშირდება.

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად სახალხო დამცველი მიიჩნევს დისკრიმინაციის, როგორც სოციალური ფენომენის, თაობაზე სოციუმში დაწყებულ დისკუსიას და ცნობადობის ამაღლებას, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს დაუცველი ჯგუფების მიმართ შემწყნარებლური გარემოს ჩამოყალიბებას.

სამწუხაროდ, თანასწორობის მიღწევის პროცესში კვლავ არაერთი გამოწვევა არსებობს, რაც, ძირითადად, საკანონმდებლო ჩარჩოს პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის პრობლემას და საზოგადოებაში ჯერ კიდევ მყარად არსებულ სტერეოტიპებს უკავშირდება. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანი ბრძოლისთვის, მნიშვნელოვანია, ყველა დაინტერესებული მხარის - ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის თუ საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და კოორდინირებულად თანამშრომლობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)