ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაითვალისწინა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 12 ივლისის სხდომაზე სახალხო დამცველის 27 ივნისის რეკომენდაცია განიხილა და მისი გათვალისწინების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი გახდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილე 137 კანდიდატის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების ასლები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია შეეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უარს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ამა წლის 31 მაისის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე. დამკვირვებელი ორგანიზაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 ვაკანსიაზე საბჭოში შესული ყველა განცხადებისა და განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლებს ითხოვდა. სახალხო დამცველის მოსაზრებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა გაეცა. საბჭოსათვის მოცემულ საკითხზე წარდგენილი რეკომენდაცია ეყრდნობოდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში 1 მაისს შეტანილ ცვლილებებს, აღნიშნული ცვლილებების მიღებისას ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასა და კანონპროექტის გარშემო გამართულ დისკუსიებს, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ ბოლო გადაწყვეტილებებში მოცემულ განმარტებებს და სხვა წყაროებს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავდაპირველად სახალხო დამცველის რეკომენდაციის განხილვა 8 ივლისს დანიშნა, მოგვიანებით კი ეს თარიღი 9 ივლისით შეცვალა. მოცემული სხდომისათვის, საბჭოს არ მოუწვევია სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-13 მუხლის მიხედვით კი, მხოლოდ მოწვეულ პირს აქვს სხდომაზე მოსაზრების გამოთქმის უფლება. შესაბამისად, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საკითხის სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობით განხილვასთან დაკავშირებით. დღევანდელ სხდომაზე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა საბჭოს წევრებს წარუდგინა ინფორმაცია სახალხო დამცველის რეკომენდაციის ძირითადი ასპექტებისა და სამართლებრივი არგუმენტაციის თაობაზე.

საბოლოოდ, შერჩევის პროცესში მონაწილე 144 პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან, საჯარო გახდება საბჭოს მიერ კანდიდატად რეგისტრირებული 137 პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. სახალხო დამცველის მოსაზრებით, 144-ივე მათგანი უნდა გასაჯაროებულიყო.

დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის ზემოაღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებას. სახალხო დამცველი აგრძელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესზე დაკვირვებას და დაკვირვების შედეგებზე საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მიაწვდის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)