ახალი ამბები

კონფერენცია „სანდო მართლმსაჯულება, დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება: გამოწვევები და შესაძლებლობები“.

2019 წლის 23 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „სანდო მართლმსაჯულების, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების“ თემაზე გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესზე, როგორც დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობებზე ისაუბრა.


„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანი იყო ვენეციის კომისიისა და ეუთო ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, რომ საბჭოს მიერ კანდიდატის შერჩევა არ უნდა მოხდეს ფარული კენჭისყრით, არამედ დასაბუთებული კრიტერიუმების საფუძველზე. რეალობა კი განსხვავებულია - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულმა პირველმა ფარულმა კენჭისყრამ მთელი რიგი ხარვეზები გამოავლინა და წინასწარი შეთანხმების საფუძვლიანი ვარაუდი წარმოშვა.


„იმედი მაქვს, როგორც საქართველოს პარლამენტი, ასევე, საბჭოს თითოეული წევრი გაიზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რაც უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესს აქვს როგორც ქვეყნის შიდა დემოკრატიის განვითარების, ასევე, ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ და სამართლიანად, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და სტაბილურობას“, - განაცადა სახალხო დამცველმა.


მონაწილეებმა იმსჯელეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის სწორად, გამჭვირვალედ, ობიექტურად და მაღალი საზოგადოებრივი ნდობით წარმართვის მნიშვნელობაზე ქვეყნის როგორც დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს პარლამენტის როლსა და მის მაღალ პასუხისმგებლობაზე.


საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID/PROLoG)“ პროგრამის მხარდაჭერით გამართულ კონფერენციას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, იურიდიული პროფესიის ფართო წრეების, სამოქალაქო საზოგადოების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)