ახალი ამბები

კონკურსი „მე ომბუდსმენი 2013“ იწყება

2013 წლის 23 სექტემბერს იწყება კონკურსი „მე ომბუდსმენი 2013“. კონკურსი ჩატარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ დაფინანსებით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13-18 წლის მოსწავლეებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ 2 მოსწავლისგან შემდგარ გუნდს.

კონკურსი შედგება სამი რაუნდისგან, პირველი და მეორე რაუნდები ტარდება ინტერნეტით, სახალხო დამცველის ვებ-გვერდის www.ombudsman.ge საშუალებით, ხოლო მესამე ფინალური რაუნდი გაიმართება საქართველოს სახალხო დამცველის თბილისის და რეგიონალურ ოფისებში.

პირველი რაუნდის ფარგლებში, გუნდმა არაუგვიანეს 2013 წლის 23 ოქტომბრისა უნდა უპასუხოს 30 ტესტურ კითხვას; მეორე რაუნდში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს გუნდი, რომელიც მინიმუმ 25 კითხვაზე გასცემს სწორ პასუხს.

მეორე რაუნდის მონაწილე გუნდებმა 20 ტესტურ კითხვას და ერთ ღია კითხვას უნდა გასცენ პასუხი. მესამე რაუნდში გადასვლის უფლებას მოიპოვებს ტესტური კითხვების პასუხებით ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე 10 გუნდი.

ფინალში გუნდებმა უნდა მოამზადონ წერილობითი დასკვნა სამოდელო ამოცანაზე, რომელიც შეეხება ადამიანის უფლებებს.

კონკურსში მონაწილე გუნდებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური, რომელიც საბოლოოდ გამოავლენს 3 გამარჯვებულ გუნდს.

გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან პერსონალური კომპიუტერებით და სხვა სოლიდური პრიზებით!

კონკურსი „მე ომბუდსმენი“ 2013 წელს მეოთხედ გაიმართება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)