ახალი ამბები

საინფორმაციო შეხვედრები აჭარაში

2019 წლის 23-25 ოქტომბერს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში გიორგი ჩარკვიანმა საინფორმაციო შეხვედრები გამართა ხულოს მუნიციპალიტეტის ხიხაძირის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან, საჯარო სკოლების მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების პედაგოგებთან, სოფლის ბიბლიოთეკების თანამშრომლებთან და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე გიორგი ჩარკვიანმა სახალხო დამცველის მანდატი და აპარატის საქმიანობა განიხილა, ისაუბრა უფლებამოსილების, თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით საზედამხედველო ფუნქციის, საქმის შესწავლის შესაძლო შედეგებისა და მომართვის ფორმებზე.

საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ისაუბრა ქალთა უფლებებზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და საპოლიციო ღონისძიებებზე.

შეხვედრების დროს გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის მთავარ გამოწვევას ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ინფრასტრუქტურული პრობლემები წარმოადგენს. მკაცრ კლიმატურ პირობებში კი უტრანსპორტობა ართულებს ბავშვების საბავშვო ბაღში მიყვანას.

მუნიციპალიტეტში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ გიორგი ჩარკვიანმა შეხვედრა გამართა ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელებთან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)