ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ბავშვის უფლებათა კოდექსის თაობაზე

2020 წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც საფუძველს უყრის ბავშვის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემას.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება კოდექსის მიღებას და ხაზს უსვამს მისი აღსრულებისთვის სახელმწიფო უწყებების მხრიდან აქტიური ღონისძიებების გატარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის მიმართულებით საქართველოში არსებული სისტემური გამოწვევების ფონზე.

კოდექსის მიხედვით, ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების ანდა ქმედების განხორციელებისას სავალდებულოა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინება და მისი აზრის მოსმენა. ამასთან, კოდექსი ადგენს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების, ოჯახის მხარდამჭერი სერვისების განვითარების, ძალადობისგან დაცვის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პრინციპებს, რომლებიც საფუძველი უნდა გახდეს სახელმწიფო პროგრამების განხორციელებისას.

კოდექსში დეკლარირებული პრინციპების პრაქტიკული განხორციელებისთვის, საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ბავშვზე ზრუნვისა და მხარდაჭერის არსებული სისტემის გადახედვას, არსებული გამოწვევების საპასუხოდ დროული და ეფექტური ღონისძიებების დაგეგმვასა და პასუხისმგებელ უწყებებს შორის ეფექტურ კოორდინაციას.

ბავშვის უფლებათა კოდექსი სახალხო დამცველის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს. მათგან მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ სახალხო დამცველის მანდატი ვრცელდება კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე, კოდექსით გათვალისწინებული დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების შესრულების ნაწილში.

კოდექსის დანერგვაზე ეფექტური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა, მათ შორის:

  • შეიმუშავა ბავშვზე მორგებული და ბავშვისათვის აღქმად ენაზე შემუშავებული განცხადების ფორმები
  • ცვლილებები განხორციელდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შიდა რეგულაციებში, საქმისწარმოებისა და განცხადება/საჩივრების განხილვის წესში
  • დაკონკრეტდა ბავშვთა საქმეებზე ბენეფიციართა ინფორმირებული თანხმობისა და კონფიდენციალურობის დაცვის საკითხები

საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურ ზედამხედველობას გაუწევს პასუხისმგებელი უწყებების და კერძო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან ბავშვის უფლებების კოდექსის განუხრელ დაცვას. სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)